Akhali.GE – ს რუბრიკის რესპოდენტია, საქართველოში წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაციის “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი.
2021 წლიდან გიორგი მელაშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ლექტორი და უძღვება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსს.
– 19 თებერვალს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა გამართა – რა მნიშვნელობისაა აღნიშნული გაერთიანება და სად არის საქართველო ამ დროს?
– მშვიდობის საბჭოსთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სამი ფაქტორი.
პირველი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში იყო უკმაყოფილო საერთაშორისო სტრუქტურებში, უპირველეს ყოვლისა – გაეროში – არსებული სიტუაციით, როდესაც საერთაშორისო ბიუროკრატია – მათი აზრით – იდეოლოგიზირებულ და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამდა. ამ უკმაყოფილებას ემატება პრეზიდენტ ტრამპის სურვილი, მიიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და, მესამე, პრეზიდენტ ტრამპის მიერ აღებული ვალდებულები ღაზას სექტორში. მშვიდობის საბჭო სამივე ფაქტორზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. ერთის მხრივ, ეს არის წნეხი გაეროზე პარალელური სტრუქტურის შექმნის გზით, რომელიც ნაწილობრივ ტრადიციულ ინსტიტუტებს ეჯიბრება და ზრდის წნეხს გაეროსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
ამავდროულად, ამ სტრუქტურის სახელი – მშვიდობის საბჭო – არის პირდაპირი გზავნილი ნობელის კომიტეტისთვის, რომელსაც ღიად უბიძგებს გადაწყვეტილების მიღებისკენ. რაც შეეხება მესამე ნაწილს, პირველ სხდომაზე ყურადღება ძირითადად ღაზის რეკონსტრუქციაზე, მრავალეროვნული ძალის შესაძლო ჩართულობაზე და მონაწილე ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებებზე გამახვილდა, რამდენიმე ქვეყანამ მილიარდობით დოლარის მხარდაჭერა დააანონსა, თუმცა – ისიც უნდა აღვნიშნოთ – რომ დასავლეთის არაერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე ამ ფორმატის მიმართ სკეპტიკურად დარჩა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია არა იმდენად საბჭოს პირველი სხდომა, არამედ მთლიანი პროცესი: და სწორედ აქ ჩნდება საქართველოს პრობლემა. საქართველო ამ პროცესში საერთოდ არ ჩანს, ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით. ეს ძალიან მძიმე სიმპტომია ქვეყნისთვის, რომელსაც ოდესღაც დასავლური ინტეგრაციის წარმატების მაგალითად განიხილავდნენ. დღეს, ევროკავშირის ოფიციალური შეფასებით, საქართველო განიცდის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლას, მოქალაქეების ევროპული არჩევანი კი ხელისუფლების მოქმედებებით რეალურად ზიანდება. ევროკავშირის საგარეო სამსახურმა სულ ახლახან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხალხის ევროპული გზის მხარდაჭერა უცვლელია, მაგრამ პრობლემა სწორედ ხელისუფლების კურსშია; 2025 წლის გაფართოების დოკუმენტებში და საბჭოს შეფასებებში ასევე პირდაპირ არის საუბარი დემოკრატიულ უკუსვლაზე და კანდიდატის სტატუსის პრაქტიკულ გაუფასურებაზე.
როდესაც ვაშინგტონში იქმნება ახალი ფორმატი, საქართველო მასში ჩართული არ არის არა იმიტომ, რომ გეოგრაფიულად შორსაა ან ვინმეს დაავიწყდა, ან ამერიკელებმა იზოლაციონიზმი აირჩიეს. არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ადეკვატური, საიმედო, პროგნოზირებადი და დემოკრატიული პარტნიორის იმიჯი წყალს გაატანა. ხელისუფლებამ საქართველო აქცია პრობლემურ, პოლიტიკურად ტოქსიკურ და გაურკვეველი საგარეო ორიენტაციის ქვეყნად. შედეგად, აზერბაიჯანი და სომხეთი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნაწილი ხდება, ურთიერთობები ვითარდება და ამერიკელების ჩართულობა იზრდება, ხოლო საქართველო იზოლირებულად, რუსეთთან პირისპირ, მოკავშირეების გარეშე რჩება.
– ბატონო გიორგი, „ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების კანონში“ ცვლილებებს დაუმატა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც „ხელისუფლების სისტემურ არაღიარებას“ პატიმრობით დასჯის – როგორ შეაფასებდით?
– ყველა ეს ცვლილება არის ავტორიტარული მმართველობის მორიგი საფეხური, როდესაც ელექტორალური ავტორიტარიზმი სახეს იცვლის და ტოტალიტარულ სახელმწიფოდ ყალიბდება. ეს აღარ არის უბრალოდ რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციის, მედიასაშუალებისა თუ პროტესტის შეზღუდვა. ეს არის მცდელობა, პოლიტიკური რეალობა სრულიად სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარონ – ეს კანონები აღარ არის მხოლოდ რუსული ან ბელარუსული. უარესი მივიღეთ – თავისი ბუნებით ამ კანონების ზოგადი, განუჭვრეტადი ენა უფრო ჩრდილოეთ კორეას ან ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს გვაგონებს.
პრობლემა აქ მხოლოდ იურიდიული არ არის; პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია. ბუნდოვანი, ფართო და განზრახ არაზუსტი ჩანაწერები ავტორიტარულ რეჟიმებს აძლევს საშუალებას, კანონი გამოიყენონ შერჩევითად – ვისზეც უნდათ, იმაზე. ასეთ მუხლებში ყველაზე საშიში არა იმდენად ტექსტის ფორმალური ნაწილია, არამედ მისი პრაქტიკული გამოყენებაა: პროკურატურა, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები იღებენ იარაღს, რომ კრიტიკული პოლიტიკა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ან სიმბოლური პროტესტიც კი „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ მოქმედებად მონათლონ.
ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის საბაზისო პრინციპს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს აქვს უფლება ღიად განაცხადოს, რომ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ინსტიტუტები მიტაცებულია, ან რომ იგი არ ცნობს პოლიტიკური პროცესის სამართლიანობას.
თუ ასეთი პოზიციის გამოხატვა სისხლისსამართლებრივ რისკად იქცევა, ეს უკვე დემოკრატიის დაცვა კი არა, პოლიტიკური მონოპოლიის განმტკიცების იარაღია.
ამიტომაც ეს მუხლი რეალურად ემსახურება არა „სახელმწიფოს დაცვას“, არამედ ქართული ოცნების დაცვას საზოგადოებისგან. სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარის წაშლა ავტორიტარიზმის კლასიკური ნიშანია, ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი (ლოზუნგით „ხალხი და პარტია ერთია“), ნაცისტური გერმანია (ლოზუნგით „ერთი ფიურერი, ერთი რაიხი, ერთი ხალხი“) და ახლა იგივეს აკეთებს ქართული ოცნება; თუმცა, თანამედროვე ქართულ კონტექსტში ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გერმანიის ნაცისტური პარტიისა თუ საბჭოთა კომუნისტური პარტიისგან განსხვავებით, ჩვენს კონტექსტში, ეს უფრო სისუსტის ნიშანია – ტიტუშკების, ჭავლებში გარეული ქიმიური ნივთიერებისა და პროპაგანდისტული ნიაღვრის მიუხედავად, ოცნებას მაინც დაჭირდა ასეთი დრაკონული კანონების მიღება, რაც რეჟიმის მიერ საკუთარი ამოცანების ვერ შესრულებაზე მეტყველებს.
– ასევე დაისჯება „ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატიურად წარმოჩენა“; თქვენც ფიქრობთ, რომ ამ წინადადებაში პირდაპირ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ვიგულისხმოთ?!
– ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც უნდა ამოვიკითხოთ სასოწარკვეთილება და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობა: რეჟიმი, რომელსაც ემსახურება რეპრესიული აპარატი, აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს, პროპაგანდას, მაინც ვერ გრძნობს თავს მტკიცედ და ერთი ადამიანის გამო იძულებული ხდება კანონი მიიღოს.
კონტრასტისთვის, ედუარდ შევარდნაძეს არ მიუღია მსგავსი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებაზე გაცილებით მეტად სჭირდებოდა. სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, მისი როლი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით არ განისაზღვრება; იგი გახდა ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არ უდრის ქართულ ოცნებას.
საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული ხელისუფლება არ ცდილობს კანონით აკრძალოს ალტერნატიული წარმომადგენლობის სიმბოლური პრეტენზია. ასეთ ნაბიჯს მიმართავს ხელისუფლება, რომელიც გრძნობს და აღიარებს კრიზისს და ეშინია, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მათგან დამოუკიდებელი სხვა ადამიანი თუ ძალა უფრო სარწმუნო, უფრო ადეკვატური, უფრო მისაღები და უფრო წარმომადგენლობითი აღმოჩნდება, ვიდრე თავად არიან.
ამავე დროს, ეს ნორმა პრეცედენტს ქმნის: ხვალ იგი შეიძლება გავრცელდეს ოპოზიციურ ლიდერზე, სამოქალაქო პლატფორმაზე, ემიგრაციის წარმომადგენელზე ან ნებისმიერ ჯგუფზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტში შევა და იტყვის, რომ რეალური საქართველო ხალხის ევროპულ არჩევანს გამოხატავს.
ამიტომ ეს მუხლი ერთდროულად პერსონალიზებულიცაა, და სისტემურიც.
– მმართველი ძალა ხშირად გვეუბნება, რომ ევროკავშირი დასუსტებულია – რას უპასუხებდით?!
– უპირველესად ვეტყოდი, რომ ეს არის საკმაოდ იაფი და სუსუტი პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მოქალაქემ დაკარგოს დასავლეთის რწმენა და შეგუება დაიწყოს. ჯერ დავიწყოთ კითხვით, რას ნიშნავს დასუსტებული? ევროკავშირის კოლექტიურ ეკონომიკურ სიძლიერეზე სიტყვა „სისუსტის“ გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა. რაც შეეხება სამხედრო პოტენციალს, აქ საერთოდ განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს: ევროკავშირი არასდროს არ ყოფილა სამხედრო ბლოკი, ეს იყო ეკონომიკური ერთობა, რომელმაც ახლა დაიწყო გადაქცევა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად. ევროკავშირი შეიძლება ხანდახან იყოს ნელი, ბიუროკრატიული და შიდა უთანხმოებებით დატვირთული, მაგრამ „დასუსტებული ევროკავშირი“ მაინც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად, რომელმაც დაიწყო სამხედრო გაერთიანებად გარდაქმნა (ამაში დასრწმუნებლად, ბოლო პერიოდის გერმანიისა თუ საფრანგეთის ნაბიჯებს გადავხედოთ – საფრანგეთმა ბირთვული დოქტრინა შეცვალა, ხოლო გერმანიამ ევროპის კონტინენტზე ყველაზე ძლიერი კონვენციური შეიარაღებული ძალების შექმნა დაიწყო).
ახლა შევხედოთ სხვა კუთხითაც.
თუნდაც დავუშვათ, რომ ევროკავშირს აქვს პრობლემები – და რა თქმა უნდა აქვს – რა არის საქართველოსთვის ალტერნატივა? ყბადაღებული „ნეიტრალიტეტი“, რომელიც სინამდვილეში არის რუსული ხაფანგი და იზოლაცია? ნეიტრალიტეტი ყოველგვარი სამხედრო გარანტიების გარეშე, როდესაც თბილისი უბრალოდ იტყვის, რომ „ნეიტრალური ვარ“, გაწყვეტს კავშირებს ევროპასა და ამერიკასთან და, როდესაც მარტო დარჩება, დასუსტებულს, რუსეთი უფრო მარტივად გადაყლაპავს? ეს ხომ ერთხელ უკვე მოხდა საქართველოს ისტორიაში – თან, მაშინ, პირველი რესპუბლიკის დროს, გაცილებით უფრო მეტი თავდაცვითი შესაძლებლობა გვქონდა, ვიდრე მერსედესის ოქროს ბრელოკების შემგროვებელი ჯუანშერ ბურჭულაძისა თუ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის შემდეგ, როდესაც ჯარისთვის ფულის მოპარვა ოცნების ხელისუფლებისთვის ნორმა გახდა. ან, იქნებ რუსეთი-ირანი ღერძთან დაახლოება? ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მემგონი, ამ სცენარის მხარდამჭერი ოცნების ყველაზე ფანატიკოს მხარდამჭერშიც არ დარჩა.
ესე იგი, რჩება ერთადერთი სცენარი – გავაგრძელოთ დაახლოება დასავლურ სივრცესთან, რომელიც ჩვენთვის ბუნებრივია და რომლის დახმარებითაც გვაქვს შანსი, თავად ჩამოვყალიბდეთ თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ევროკავშირი არ დასუსტებულა იმდენად, რამდენადაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დაასუსტა ევროკავშირთან მიმართებით. თუ დავიჯერებთ, რომ მათი მიზანი არის „დაბალანსების პოლიტიკა“, წარმოუდგენლად, დანაშაულებრივად არაკომპეტენტურად ახორციელებენ. ურთიერთობების გაფუჭება ყველა ძლიერ მოკავშირესთან, რომელსაც შეუძლია ჩვენი უსაფრთხოების გაზრდაში მოგვეხმაროს და ჩამოკიდება არასტაბილურ, არაადეკვატურ, მილიტარიზებულ, იმპერიალისტ და ოკუპანტ ძალაზე არანაირად არ არის ბალანსის პოლიტიკა – მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, ეს არაკომპეტენტურობის პიკია, თუ საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა.
საქართველოსა და ევროკავშირს, და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში პრობლემა ბრიუსელში კი არა, თბილისშია. როდესაც ხელისუფლება ზღუდავს და აუქმებს თავისუფალ სივრცეს, ზეწოლას ახდენს NGO-ებზე, უტევს მედიას, სისხლისსამართლებრივად აშინებს განსხვავებულ აზრს და ქვეყანას აშორებს ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, შემდეგ ძალიან მოსახერხებელია თქვა, რომ თითქოს ევროკავშირი გახდა სუსტი.
სინამდვილეში დასუსტდა საქართველოს პოზიცია ევროპასთან. ევროკავშირი ისევ იქ არის, ინტეგრაციული პროცესები წარმოუდგენლად დაჩქარებულია და ის, რაც რთული წარმოსადგენი იყო რუსეთის უკრაინაში აგრესიამდე, ახლა რეალური ხდება; კითხვა კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ვართ თუ არა ჩვენ მზად, დავბრუნდეთ იმ გზაზე, რომელიც ქართველ ხალხს სურს.
მოამზადა თორნიკე კუჭაშვილმა
