თამთა მეგრელიშვილი
იურისტი
“მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ.
ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს”, – განაცხადა უწმინდესმა. ამ სიყვარულით აღიზარდა ჩვენი სულიერი მამა.
საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ასე ფიქრობს.
ჩემი ბავშვობიდან პატარა ისტორია მინდა გავიხსენო.
ჩემი უსაყვარლესი მამიდა საოცარი ბუნების ადამიანი იყო, ექვს ენას ფლობდა; უყვარდა ადამიანები; აინტერესებდა მოგზაურობა, სხვა ქვეყნის კულტურა – ტრადიციები, მათთან ურთიერთობები;
მეგობრობდა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში (სამწუხაროდ მისი სახელი და გვარი აღარ მახსოვს), რომელიც “დამტვრეულად”, მაგრამ ქართველების სიყვარულით სავსე, ქართულ ენაზე საუბარს ცდილობდა.
თბილისში, სახლში მამიდას სხვა მეგობრებიც გვსტუმრობდნენ, ქალაქ სტამბოლიდან და ქალაქ ანკარადან.
მახსოვს, ჩვენთან ერთად სხდებოდნენ მაგიდასთან, ვსადილობდით, ვვახშმობდით;
ვუთმობდით ოთახს, სადაც ბაბუას ნაყიდ ძვირფასს ხალიჩაზე მყუდროდ აღავლენდნენ ლოცვას (მაშინ ეს ნაკლებად მესმოდა), მაგრამ
არასდროს დამისვამს კითხვა – რატომ ხდებოდა ასე.
რუსეთ – ჩეჩნეთის ომის დროს
ჩვენი ეზო სავსე იყო ჩეჩნეთიდან გადმოხვეწილი ოჯახებით.
ჩეჩნეთში ომი მძვინვარებდა, ჩვენ კი თბილისურ ეზოში ბავშვური სილაღით ვთამაშობდით ერთად.
პირველად ცხოვრებაში მათგან ვიყიდე ზაზუნა, რომელსაც ისინი ძალიან თბილად “ხამიაკს” უწოდებდნენ…
დღეს ეს ისტორიები ჩემი ბავშვობის ნაწილია, მათთან გატარებული ყოველი დღე ფრაგმენტებად ცოცხლდება ჩემში.
მერე რა, რომ ბავშვებმა ჩეჩნეთიდან და ჩემი ოჯახის სტუმრებმა სტამბოლიდან თუ ანკარადან ქართული არ იცოდნენ…
ჩვენ ერთთმანეთთან საურთიერთობოდ სიყვარულის ენა გვყოფნიდა…
ასე იყო და ასე გაგრძელდება…
პოლიტპროვოკატორებო და დავალებებს აყოლილებო, დაიმახსოვრეთ, საქართველო ერთ – ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა!
აქ მრავალი რელიგიაა ერთ ოჯახში.
უფალი სიყვარულია, მისკენ სავალი გზა კი ერთმანეთის სიყვარულზე გადის!