სტრასბურგის სასამართლომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მოუწოდა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შიმშილობის შეწყვეტა და იქ რამე წინაპირობებზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხზე იმსჯელა წარდგენილი დოკუმენტაციებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს მხრიდან არის კარგად გააზრებული.

„რა იყო მოთხოვნა: ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მოთხოვნა იყო ერთი, საკმაოდ მკაფიო მოთხოვნა ჰქონდათ – ითხოვდნენ მსჯავრდებულის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. ეს მოთხოვნა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ის დაწესებულება, სადაც ახლა მსჯავრდებული იმყოფება, არის ნამდვილად სათანადო. სხვა შემთხვევაში პირდაპირ დაუყოვნებლივ გადაყვანას მოგვთხოვდა. ამიტომ ეს არის პირველი დასკვნა, რაც ამ გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიტანოთ, რომ პენიტენციური დაწესებულება, სადაც მანამდე ეწეოდა მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება და შემდეგ უკვე მე-18 სამკურნალო დაწესებულება, ევროპული სასამართლოს შეფასებით, არის საკმარისი, დამაკმაყოფილებელი იმისათვის, რომ მკურნალობა გაგრძელდეს. თანმიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ ჩამოაყალიბა სასამართლომ გადაწყვეტილება. როდესაც სასამართლომ შეაფასა სიტუაცია, მან მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: პირველი – მან თავად მსჯავრდებულს მოუწოდა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შიმშილობის შეწყვეტა და იქ რამე წინაპირობებზე საუბარი არ არის. ეს არის დაჟინებული მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ, რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს არის აუცილებელი წინაპირობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების. მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული შეწყვეტს შიმშილობას, სახელმწიფო გაუწევს სამედიცინო მომსახურებას, ეს მკურნალობა უნდა იყოს შესაბამისი და აღნიშნულის თაობაზე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს ორი კვირის თავზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

Leave a Reply