კახა კალაძის თქმით, საერთო ჯამში, 1 400-ზე მეტ ოჯახს, თბილისის მერიამ ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები კუთვნილებაში გადასცა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  დღეს ისნის რაიონში 66 ოჯახს ბინები დაუკანონდა.

„თქვენ იცით რომ ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, ოჯახები, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახორციელებენ მათ დაკანონებას, გარკვეული პრობლემების გამო. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და 1 400-ზე მეტ ოჯახს მივეცით შესაძლებლობა, რომ ერთ ლარად გადაგვეცა საცხოვრებელი ფართები მათ კუთვნილებაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ავდგე, მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა, რომ ეს არის ჩემი საკუთრება და აქ უნდა ავაშენო საცხოვრებელი ფართი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა, 4 ავტომობილი და ა.შ. ეს კატეგორიულად მიუღებელია და მუნიციპალიტეტი ამას არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პროგრამა, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაკანონებების პროექტი გაგრძელდება და ბევრი ოჯახი გაიხარებს.

 

Leave a Reply