დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამეტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი პოლიტიკური პარტია პარლამენტში იქნება მარტო. მოგეხსენებათ, რომ დღეს უკვე ეს არის შეცვლილი. პარლამენტში უკვე არის ერთი ოპოზიციური პარტია და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სასურველია, ოპოზიციამ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და ამაზე პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, თუ რა იქნება ეს გადაწყვეტილება. ამაზე გუნდში კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საუკეთესო ინტერესებში იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და საზოგადოებისთვის. ასევე იმისთვის, რომ ხალხის ნება განხორციელდეს ზუსტად ისეთი სახით, როგორითაც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დააფიქსირეს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.