პოლიტიკური პარტიის “საქართველოსთვის” განცხადება
დღეს რასაც ვხედავთ უკრაინაში არის გაგრძელება იმ აგრესიული პოლიტიკისა, რაც წლების წინ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ – ეს არის რუსეთის ღია აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.
უკრაინაში მიმდინარე პროცესები ეხება არამხოლოდ უკრაინას და რეგიონს, არამედ მისი შედეგები განსაზღვრავს თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, როგორი საერთაშორისო წესრიგი იქნება  მომავალში.
დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს რუსეთის აგრესიის შეჩერება ყველა ეფექტიანი მექანიზმის გამოყენებით.
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭრას ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს ამ ურთულეს პერიოდში!
მიგვაჩნია, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გვერდზე გადადოს პარტიული ინტერესები, მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლიანი მოქმედება გვევალება ყველას – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად ვართ კონსულტაციებისთვის ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთობლივ პოლიტიკურ ფორმატში და მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს იყოს დახურული ფორმატი, რომელიც მიმართული იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საერთო სახელმწიფოებრივი მიზნისკენ.

Leave a Reply