ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია, 10 სამედიცინო დაწესებულება
და 5 სარეზერვო კლინიკა.
დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მოვინახულე იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, თითოეული დეტალი გათვალისწინებული იყოს, რომ ვაქცინაციის პროცესი ჩვენი მედიკოსებისთვის და შემდგომში, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო იყოს.
ასევე დაწყებულია რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა, უკვე შერჩეულია 10 კლინიკა და შესაბამისად კიდევ გვაქვს დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა. რეგულირების სააგენტოს საბოლოო მონიტორინგის შემდეგ გავასაჯაროვებთ, რომელი კლინიკები იქნებიან ვაქცინაციის პროცესში ჩართული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ეწვია. უწყების პირველი პირი ვაქცინაციის შენახვის პირობებს ადგილზე პირადად გაეცნო. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად.
ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.
სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ნებართვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა, ასევე იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია, 10 სამედიცინო დაწესებულება და 5 სარეზერვო კლინიკა.