როგორ დაეცა გაგრა
აფხაზეთი მუდამ მემახსოვრება
მაიზერ გელოვანი
გაგრის დაკარგვამ, გაგრასთან წაგებამ დაგვაკარგვინა მთლიანად აფხაზეთი.
ჩვენ ვებრძოდით კაზაკებს, რუსებსა და ჩეჩნებს. უშუალოდ ჩვენი ბატალიონი შეება შამილ ბასაევის დაჯგუფებას, მათ მოგვაქციეს ალყაში. ადგილზე ჩასულები პოზიციებზე გავიშალეთ, ჩავდექით, მაგრამ რა ხდებოდა? ძალიან არეულობა იყო, რამოდენიმე დაჯგუფება იყო და არ იყო ერთიანი მართვა. შტაბს ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი მარინაშვილი, უზადოდ პატიოსანი ადამიანი, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო ძალიან ბევრი არ ემორჩილებოდა, თავისით დარბოდნენ აღმა-დაღმა. ერთხელ ტანკი შეიყვანეს ზღვაში გასარეცხად, რად უნდოდა ტანკს გარეცხვა. ჩარჩა ეს ტანკი ზღვაში და ორი ტანკი დაჭირდათ ამოსაყვანად. ასეთ სისულელეებს აკეთებდნენ და… 14 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე იყო პოზიციური ბრძოლები, ავათჰარას ხეობა, კოლხიდა, აი, ეს პოზიციები გვეკავა ჩვენ. ბასაევის დაჯგუფებასთან ბრძოლა ბოლოს გვქონდა, მანამდე იყო გადასვლა-გადმოსვლა. ყველაზე მეტად 1 ოქტომბერს დაიძაბა სიტუაცია, ეტყობა გენერალური ოპერაცია ჩაატარეს და შემოგვიტიეს. ამას წინ დაგომისის ხელშეკრულება უსწრებდა. გაგრაში მოხდა მებრძოლთა შემცირება, დავრჩით ჩვენ, ადგილობრივი გაგრის ბატალიონი, მხედრიონი 60 კაციანი ჯგუფი იყო, ძირითადად კომენდატურა იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბადრი ფიცხელიანი, ავაზა და თეთრი არწივი. ავაზა და თეთრი არწივი შეაწყდა მტერს, თითქმის განადგურდნენ. დანარჩენები ზოგი გაიყვანეს, პირადად ჩვენი ბატალიონს რომ შემოუტიეს პირველი ჩვენი მსხვერპლი იყო აბელი ქართველიშვილი, 21 წლის, ჩვენი ბატალიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ეს იყო 1 ოქტომბერს საღამოს, კოლხიდაში ვერ გავუძელით შემოტევას და გაგრისკენ დავიხიეთ, გავმაგრდით გაგრაში. დილით, გამთენიისას, მოვიდა ბრძანება გადმოტვირთეთ ტყვია-წამალი თვითმფრინავიდანო. გადმოვტვირთეთ, საწყობში წაიღეს. ეს იარაღი ჩვენამდე არ მოსულა, მაგრამ შემდეგ როგორც თქვეს, ტყვია-წამალი კი არა სასმელი და კონსერვები იყოო. ჩვენ არ გაგვიხსნია ყუთები და არ ვიცი რა იყო ამ ყუთებში. 2 ოქტომბერს შემოგვიტიეს, 1 ოქტომბერს კი ქალაქში ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა და გაიხსნა სკოლები. ესე იგი ეს იმის ნიშანი იყო, რომ არაფერი უნდა მომხდარიყო. არადა იმ საღამოს დაგვარტყეს, 2-ში უკვე & საათისთვის სეტევა დაიწყო. ძალიან დიდი ძალა წამოვიდა. ერთმა ტანკმა გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი.
მოდიოდა ერთადერთი ტანკი ტ72, ფაქტიურად ამ ერთმა ტანკმა მოახდინა გაგრის დაცემა! დიახ, ერთმა ტანკმა! როდესაც ყუმბარმტყორცნებს ვესროდით ვერ ვაფეთქებდით, ბრონი ქონდა. ჩვენ ასეთი ტანკი პირველად ვნახეთ მაშინ, არ იყო ჩვენს შეიარაღებაში. პანიკა გამოიწვია ამან, უკანდახევის ბრძანება იყო. ჩვენ გავმაგრდით სასტუმროს შენობაში, მაგრამ იმხელა შემოტევა იყო, უკვე ვერ ვუძლებდით. ტყვია-წამალი შემოგველია და მაშველიც არ გამოჩნდა. სადღაც 10-11 საათისთვის ჩვენი ვერტმფრენები მოფრინდა, ერთი წრე შემოხაზეს, ცარიელ ადგილებზე ჩამოყარეს ბომბები და გაფრინდნენ, ჩვენამდე არავინ მოსულა.
– 42 დაიღუპა და 47 ტყვედ ჩავარდა. სამი კაცი გამოვედით, ისიც იმიტომ რომ დაბომბვიც დროს ის კუთხე, სადაც ჩვენ ვიყავით გამაგრებულები შენობის ძირითად
ნაწილს მოსწყდა. კავშირზე რომ გავედით გვითხრეს გამაგრდითო, მერე გვითხრეს თეთრი ზეწრები დააფინეთ შენობის სახურავზე რომ შეგნიშნოთ და მოვალთო, მაგრამ… არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ფაქტიურად ჩვენი ბატალიონი გაწირეს.
ტყით გავედით. შენობა გადაიწვა დაბომბვის შემდეგ, მე და ორი ბიჭი მოვხვდით სახლის იმ მხარეს საიდანაც ტყე იწყებოდა, თავზე რომ გვენგრეოდა სახლი, კედლებმა ნგრევა დაიწყო და უკვე იქ ყოფნას აზრი არ ქონდა, მოწყვეტილი ვიყავით, რა ხდებოდა არც ვიცოდით უკვე. მეორე სართულზე ამოსვლა რომ დაიწყო მტერმა ჩვენ ტყეში შევედით, განთიადისაკენ წავედით. გზაში რამდენიმე შეტაკება გვქონდა, სამში ჩამოფრინდნენ შევარდნაძე, გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი, პარლამენტარი ნოდარ ნათაძე. დელეგაცია განთიადში ჩამოვიდა, შევარდნაძემ პირობა დაუდო ხალხს რომ აუცილებლად დაიბრუნებდა გაგრას და წავიდა. ერთი კვირა პატარ-პატარა შეტაკებები იყო, ლესელიძეში რომ შემოვიდნენ ჩვენ უკვე ადლერში გადავედით. იქ საქართველოდან წასული დევნილების თავშესაფარი იყო, ერთ-ერთ თვითმფრინავს ჩამოვყევით თბილისში.
შემდეგ ვიბრძოლე სოხუმში. მოხდა ბატალიონის შევსება და ჩამოვედით, გუმისთაზე ვიყავით, ლაბრაში მოგვიწია შეტაკებები. იქიდან დაგვაბრუნეს თბილისში და ისევ სამაჩაბლოში გაგვიშვეს. თქვენ მკითხეთ ბაგრამიანის ბატალიონზე, სოხუმის დაცემის დღეს ჩვენ უკვე სამაჩაბლოში ვიდექით. გაგრის დაცემამ გამოიწვია აფხაზეთის დაკარგვა. გაგრიდან რომ წამოვედით ვერ გავიგეთ ჩვენი ბატალიონის ბიჭები ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ვერ გავიგეთ სად წავიდა კომენდატურაში მყოფები. ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ რომ ფიცხელიანი სოხუმში ტყე-ტყე ჩამოვიდა, ხოლო ჩვენი ბიჭები გუდაუთში ტყვეობაში იყვნენ. ჩვენი ბატალიონის ნაწილი დაიხოცა, 47 დღე იყვნენ ცოცხლად გადარჩენილები ტყვეობაში. ჩემი დანაყოფიდან დაიღუპა მამუკა თუშიშვილი, სნაიპერი, ტყვედ აიყვანეს, კონცლაგერიდან გაიყვანეს და უკან არ დაბრუნებულდა.
ძალიან მალე გავრცელდა ეს ხმა, ამბობენ რომ ნახეს ეს ფაქტი, მე პირადად არ მინახავს. ვერ გეტყვით ტყუილი იყო, იმიტომ რომ ასეთ ტყუილს როგორ გაავრცელებდნენ. ძალიან სასტიკად იქცეოდნენ ჩრდილო კავკასიელები. როგორც ამბობდნენ ზოგს ხელს აჭრიდნენ, ზოგს ენა ჰალსტუხივით დაკიეს, ამის შემსწრეები იყვნენ და ყვებოდნენ.
ჩვენამდე ტყვია-წამალი არ მოსულა, უბრალოდ ჩვენ გავიგეთ რომ ლურსმნები და კონსერვები გადმოგვიტვირთავს, იარაღის ნაცვლად. ესეც არ ვიცი ზუსტად ასე იყო? ჩვენ არ გაგვიხსნია ყუთები გადმოვტვირთეთ მანქანაზე დავტვირთეთ და მორჩა. ომის პერიოდში შეიარაღება ძალიან მწირი იყო, ხომ გეუბნებით ერთმა ტანკმა მოიგო ომი! იყო მომენტი ასეთი ერთი ოფიცერი ანდრო გაჩეჩილაძე დაგვეჭრა, გამოვიძახეთ რაციით შტაბიდან და არავინ მოვიდა, თავად წამოვიდესო. გაგიგიათ ასეთი?
ასე გამოდის, საზარბაზნე ხორცი გამოვედით. ერთმა ჩინოსანმა თქვა მაშინ, არ მინდა ახლა დავასახელო, მკვდარია და… მოკლედ, ასე თქვა ზვიადისტები არიან და ერთი მაგათი დედაც დაიხოცნონო… ჩასახოცად დაგვტოვეს. თუ არ უთქვამს იმას ესეთი რამ, ჩვენამდე როგორ მოვიდოდა?
იქ არ იყო სხვაობა შენაერთებს შორის, ყველანი კარგად იბრძოდნენ.განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბადრი ფირცხელიანის დანაყოფი, რომელის ბოლომდე იბრძოდა თავდადებით და მერე ტყით ერთი კვირის მერე გაგრის დაცემიდან ძლივს ჩამოაღწია სოხუმამდე.მისი მაშინდელი საქციელი სამაგალითოა და ყველამ უნდა იცოდეს. ვერ ვიტყვი რომ არ იბრძოდნენ და ომის დროს ქიშპობა იყო, ამას ვერ ვიტყვი, რაც არ იყო და არ მინახავს როგორ ვთქვა?! მებრძოლი მებრძოლია… ყველას უკვირდა ჩეჩნები რომ გვებრძოდნენ, დუდაევს ვინც არ ემორჩილებოდა აფხაზეთში იბრძოდა ყველა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგრამ პირადად დუდაევის მკაცრი ბრძანება გამოვიდა და გაიყვანა ისინი აფხაზეთიდან! ახლანდელი გადმოსახედიდან ვატყობ რომ ეს ომი ერთადერთი მიზნით დაიწყო შევარდნაძემ, როგორმე გაემყარებინა დასავლეთ საქართველოში თავისი მდგომარეობა. სამეგრელოდან სოხუმში გადაინაცვლა ეროვნულმა ძალებმა და შევარდნაძის დღის წესრიგში აფხაზეთში შესვლა დადგა… ჩემი გადმოსახედიდან ასეა… და ეს ყველაფერი რუსეთთან შეთანხმებით მოხდა!