რუბრიკა – ქალი პოლიტიკაში

მაია ქვრივიშვილი – ისტორიკოსი

პარტია “რეფორმატორები”

-მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და დავიწყეთ სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა, ერთ-ერთ მთავარ დილემად არჩევნები რჩება მთელი თავისი შიგთავსითა და შემკულობით. დემოკრატიულ პროცესებს წარმართავს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკოსებისგან შემდგარი პოლიტიკური კლასი, პოლიტიკოსები და არა მედროვე კარიერისტი ტიპები. ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა მძიმე მემკვიდრეობით. საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა გამორიცხავდა დემოკრატიას, პოლიტიკურ პარტიებს,  ოპოზიციის ფენომენს, პლურალიზმს, პროფესიონალიზმს და ჯანსაღ კონკურენციას.

დამოუკიდებელი საქართველოს ბედი არცთუ ისე სახარბიელოდ განვითარდა, 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებამ ხელი შეუშალა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას. შეიძლება ვინმემ თქვას,  რაღადროს ესააო, მაგრამ ეს არის მოვლენა, რომელმაც არასწორი მიმართულება მისცა სახელმწიფოებრიობას. შეაფერხა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ხელი შეუშალა პოლიტიკოსების გაჩენას, ასევე დემოკრატიული და ლიბერალური, ან თუნდაც კონსერვატორული პოლიტიკური სისტემის შექმნას.

არჩევნების გაყალბების ტრადიციის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო არადემოკრატიული საარჩევნო კანონის არსებობამ, არასამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმა (ეს ეხება როგორც შექმნას, ასევე მის დაფინანსებას). საპარლამენტო დეპუტატების რაოდენობა 150 , არ შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას, შესამცირებელია. ასევე მაჟორიტარული სისტემაა  გასაუქმებელი. ზოგადად პროფესიონალების პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ეს გენდერული ნიშნით არ განისაზღვრება. რა თქმა უნდა ბევრი ქალი უნდა ვიყოთ პოლიტიკაში, მაგრამ დამსახურებულად (ისევე როგორც მამაკაცები) და არაიმიტომ რომ კვოტითაა ჩვენი არსებობა განსაზღვრული. დღევანდელ ე.წ. პოლიტიკურ კლასს თუ გადავხედავთ, თითქმის 99% პოლიტიკაში კი არა, ზოგადად არსად არ უნდა საქმიანობდეს. თანამედროვე სამყარო განიცდის იდეალისტების ნაკლებობას და შეაბამისად პოლიტიკური პროცესებიც ძალიან მდარე და მატერიალური გახდა.

-ის არჩევნები, რომელიც ჩვენ 2024 წლის 26 ოქტომბერს გველოდება,  ვფიქრობ ჩვეულებრივ,  ტრადიციული გაყალბებით ჩაივლის და ოპოზიციაც, რომელიც სამწუხაროდ არაა ერთიანი და ვერც იქნება განსხვავებული მიზნების გამო, ვერ შეძლებს მოპარული ხმების დაბრუნებას და ამომრჩევლის ინტერესების დაცვას.

ის, რაც მცხეთაში პარტაქტივთან შეხვედრისასა გაჟღერდა ქართული ოცნების და მთელი ქვეყნის არაფორმალური მმართველი მიერ საგანგაშოა. არცერთმა პოლიტკურმა პარტიამ თუ ლიდერმა არ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და არ მოუწოდა პირველრიგში ერთმანეთს და მერე მოქალაქეებს იმისკენ, რომ არ დაუშვან და დაგმონ მსგავსი აზრიც კი. სამწუხაროდ ეს მორჩილი სიჩუმე მაფიქრებინებს, რომ  26 ოქტომბერს ახალი არაფერი არ მოხდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ უნდა ეცნო ოპოზიციას და არ უნდა შევარდნილიყო პარლამენტში, უნდა გამოეყენებინა საერთაშორისო  და შინაური ტრიბუნა  ქართული ოცნების პოლიტიკური მხილებისათვი, მაგრამ სამწუხაროდ მასთან ალიანსში მშვენივრად ინაწილებენ მანდატებსაც და ბიზნესებსაც ქვეყნის ხარჯზე.  

პოლიტიკოსები არ გვყავს და სხვას არც უნდა ველოდოთ მათგან. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ოპოზიციის უმრავლესობის მიმართ, საჭიროა საერთო პლატფორმის შექმნა და გაერთიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ, თანაც სახელოვნად.

 

Leave a Reply