2024 წლის 4 ოქტომბერს 18:00 საათზე, „აბრეშუმის გალერეაში“ (თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N59) გაიხსნება თანამედროვე ქართული ხელოვნების თვალსაჩინო მხატვრის, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის – დავით ბაძაღუას (David Gua ) ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

„ფერებში განფენილი სამყარო“ – ეს არის ძირითადი ხედვა, კონცეფცია მხატვარის პერსონალური გამოფენის, რომლის ექსპოზიციაშიც წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში შექმნილი ანსტრაქციონისტული მიმართულების ნამუშევრები.

1972 წელს გალში დაბადებულმა დავით ბაძაღუამ, განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე მიიღო (1997-2003). მხატვრის ნამუშევრებში, ყველგან, მისი ფესვები იგრძნობა. არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლამ, სურათში სივრცის შეგრძნების, პანორამული ხედვის საოცარი ნიჭი გამოუმუშავა. აბსტრაქციაზე მუშაობის დროს, მხატვარი დაკავებულია „რაიმეს განზოგადოებით“ და მხოლოდ მის მნიშვნელოვან ასპექტზე, მახასიათებლებზე ფოკუსირებს. ფერთა ჰარმონიას და გეომეტრიული ფორმების გაერთიანებას ისე ქმნის, რომ მაყურებელმა ასოციაციური სურათი, თავად იმიტირებული სამყარო დაინახოს და ნახატის მნიშვნელობის ინტერპრეტაცია საკუთარი გზით მოახდინოს.

ის, როგორც აბსტრაქციონისტი მხატვარი, რეალობის კოპირებას კი არა, არამედ საკუთარი ვიზუალური ენის შექმნას ცდილობს. აბსტრაქტული ხელოვნების პრინციპებიდან გამომდინარე, ეს ნიჭიერი ქართველი შემოქმედი, ცდილობს თავისი იდეები და ემოციები არა ადამიანის ფიგურების, სახეების, ნატურმორტებისა თუ პეიზაჟების დახატვით გამოხატოს (თუმცა, პეიზაჟების თემასაც არანაკლები ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში), არამედ სივრცითი, გეომეტრიული ფორმებითა და ფერადი სქემებით. და რაც მთავარია, ცდილობს შექმნას გამოსახულებები, რომლებიც ყოველდღიურ რეალობას სულაც არ უკავშირდება და სამყაროზე, მის ინდივიდუალურ ხედვას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ მხატვარი მუშაობის დროს, მხოლოდ ერთ მიმართულებას, სტილს არ სჯერდება და ნამუშევრებში მრავალფეროვან სტილს იყენებს. შემოქმედის იდეები, პროექტები და ნახატები გაგაოცებთ თამამი და ორიგინალური გადაწყვეტილებებით, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარით.

დავით ბაძაღუა ის შემოქმედია, რომელიც არასოდეს ჩერდება და მუდმივად ახლის ძიებაშია. დავით ბაძაღუა/Gua 2000-იანი წლების თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლის ნახატებში შერწყმულია არქიტექტურის, დიზაინის და ფერწერის ერთობლიობა. დავით გუას შემოქმედებითი პალიტრა მდიდარი და რთული ბუნებრივი ფერების გამოყენებით გამოირჩევა, როცა მუშაობის პროცესში თამამ კომბინაციებს და აქცენტებს იყენებს.

„აბრეშუმის გალერეაში“ ექსპოზიციის დახურვის შემდეგ, დავით ბაძაღუას ნამუშევრები გადაინაცვლებს – „სტუდიო არტის“ (აბაშიძის ქუჩა N 21ა) საგამოფენო დარბაზში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ახლა, ახალი საგამოფენო კონცეფციით, დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენის წარდგინებით იწყებს მუშაობას. ეს იქნება „სტუდიო არტის“ პირველი გამოფენა ახალ სახელოვნებო, საგამოფენო სივრცეში. გამოფენის კურატორი ქეთევან ახობაძე, ხელოვნებათმცოდნე, ექსპერტი

მობ: 551 14 50 80 დავით ბაძაღუა- მხატვარი მობ: 577092120

Leave a Reply