ალექსანდრე დარახველიძე
შსს-ს მინისტრის მოადგილე

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა, რომელიც არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. პოლიციის ფუნქციები და მანდატი გაწერილია, როგორც საარჩევნო კოდექსით, ასევე თავად „პოლიციის შესახებ კანონით“. კოორდინირებული მუშაობისთვის, ასევე იმისათვის, რომ თითოეულ უბანზე, თითოეულ საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემო იყოს, უკვე წლებია, ყოველი არჩევნების წინ, შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანებას გამოსცემს, რომლის მთავარი მიზანია, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალები მობილიზებული იყვნენ და ჩვენი ვალდებულებები, რაც პოლიციას კანონით აქვს დაკისრებული, შესრულდეს. ტექნიკურად ეს შემდეგი ფორმით იქნება: ყველა ტერიტორიულ ერთეულში – აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და თბილისის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება ჯგუფები, რომელსაც სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს. მისი მანდატის ქვეშ შეიქმნება კონკრეტული ჯგუფები, სადაც გარდა თავად ამ დეპარტამენტის თანამშრომლებისა, ასევე შევლენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი პირები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი კონკრეტული წარმომადგენლები და საჭიროების შემთხვევაში, დაცვის პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ყველა კონკრეტულ ტერიტორიულ ჯგუფს ადგილზე დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს და მის სრულ დაქვემდებარებაში გადადის სხვადასხვა დანაყოფების მხრიდან გამოყოფილი თანამშრომლები, შემდეგ შემუშავდება საჭირო გეგმა, როგორ უნდა უზრუნველყოს თითოეულ საარჩევნო უბანზე მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ანუ რა რაოდენობის ჯგუფები იქნება თითოეულ უბანზე საჭირო, რა აღჭურვილობა იქნება აუცილებელი – ეყოლებათ ავტომობილი, სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ თუ არა და ა.შ. ამ დეტალებს ჯგუფის ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი დაარეგულირებს და კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე მოხდება ამ სახით განაწილება.

არჩევნების დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდი და უსაფრთხო გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, კანონში გაწერილია, რომ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ნებისმიერი შეკრება, ასევე, 25 მეტრის რადიუსში საარჩევნო პლაკატების, სააგიტაციო მასალების გავრცელება იკრძალება – ამ ყველაფრის ადგილზე გამოვლენა, შესაბამისი ღონისძიებების და რეაგირების განხორციელება პოლიციას ევალება. ასევე, თუკი, უბანზე გარკვეული ინციდენტები მოხდა, საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც კონკრეტული პირი არ ემორჩილება, ამ შემთხვევაში პოლიციის გამოძახება ხდება და პოლიცია თავისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოფს გაძევებული პირის გამოყვანას, შესაბამის რეაგირებას. ეს ღონისძიებები კოორდინირებულად რომ ჩატარდეს და ყველა ის ვალდებულება, რაც პოლიციას აქვს დაკისრებული, ეფექტურად აღსრულდეს, 2016 წლიდან, ყველა არჩევნების წინ, მსგავსი ბრძანება გამოიცემა.

18 ოქტომბერს, ეს ჯგუფები უკვე ჩამოყალიბებული იქნება, თითოეულ ტერიტორიულ ჯგუფს ადგილზე სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს. მის დაქვემდებარებაში იქნება ყველა ის დანაყოფი, რაზეც ვისაუბრე. აღნიშნული საკითხი, გარკვეული სპეკულაციების საგანი არ უნდა გახდეს. ეს ბრძანება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ მშვიდად, უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მივიდნენ საარჩევნო უბანზე, თავიანი პოზიცია დააფიქსირონ, საარჩევნო კომისიებს კი საშუალება ჰქონდათ, ასევე მშვიდ გარემოში ჩაატარონ საარჩევნო პროცესი.

ვიმეორებ, ეს არის სტანდარტული შემთხვევა, 2016 წლის შემდეგ, ყველა არჩევნების წინ, ხდება მსგავსი ბრძანების გამოცემა, ეს ჩვენს ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ მოიძიოთ, საჯარო ინფორმაციაა. ფუნქციები და ღონისძიებები, რასაც პოლიცია ახორციელებს, ეს საარჩევნო კოდექსიდან, ასევე, „პოლიციის შესახებ კანონიდან“ გამომდინარეა. უბრალოდ, ამ ბრძანებით თავმოყრა და ღონისძიებების დაგეგმვა ხდება, რომ ამ პროცესმა ეფექტურად, კოორდინირებულად ჩაიაროს“

Leave a Reply