ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსთან ერთად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.
საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ჩართულობა და ამ მხრივ ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები იყო შეხვედრის მთავარი თემა.
გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, მათი ინფორმირების, ტრენინგებისა და სერტიფიცირების გამოცდების შესახებ, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები და მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი გადაეცათ. საინფორმაციო ბროშურებში დეტალურად არის ასახული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები. აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი.
საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.