ნათია და ლუბოვი მაშინ გავიცანი, როცა ყველამ ზურგი აქცია. მახსოვს, ადამიანები კეთროვანებივით ერიდებოდნენ და „გაურკვეველი ორიენტაციის ჩასაძაღლებელ ქალებს“ უწოდებდნენ. არავის უნდოდა მათთან ურთიერთობა და ხშირად იყვნენ სიტყვიერი და მერე უკვე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნიც. ადამიანურად მეცოდებოდნენ, პროფესიულად კი მაინტერესებდა მათი ისტორია და სულაც არ ვდარდობდი რას იტყოდნენ უბანში. ქალებიც მომენდვნენ და როცა ტავიანთ ისტორიებს მიყვებოდნენ, ვხდავდი როგორ იტანჯებოდნენ, რადგან ნათიას შვილები ჰყავდა და ბევრი რამის ზტზნა უწევდა, ლუბოვს კი უმცროსი და.
დღე არ გავიდოდა, უბანში ვინმეს მათთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, სახლში არ მივარდნოდნენ, მერე კი უბნის დატოვება და გადასახლება მოსთხოვეს. თუ ვინმე გამოესარჩლებოდა ქალებს, ისინიც ბულინგის მსხვერპლნი ხდებოდნენ. სულ ასე დაძაბულ ვითარებაში გადიოდა დრო, ერთ საღამოს საშინლად ცემეს, საავადმყოფოდან რომ დაბრუნდნენ, კარგა ხანს გარეთ ვერ გამოდიოდნენ, მოვიკითხე, არასდროს დამავიწყდება ქალების აკანკალებული ხმა, შეშინებული, აფორიაქებული და საოცრად დაბნეული თვალები, სასოწარკვეთილების ერთადერთი გამოსავალი -გაქცევა ქვეყნიდან. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, მერე ქალები გაქრნენ. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ქვეყნიდან წასულან და აი, ახლა, როცა უკვე საქართველოდან შორს არიან, ისევ მათი წერილები და ახლაც შეშფოთებული ხმა…
ნათია
-წლებია სამშობლოდან გავიქეცით, გავასწარით და შევინარჩუნეთ სიცოცხლე, მაგრამ ახლა, საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ ახალი კანონების მიღების და განსაკუთრებით კესარიას მკვლელობის და სხვა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების დასჯის და შევიწროვების შემდეგ, აქაც, უცხო ქვეყანაში ისევ ქართველები და განსაკუთრებით ჩვენი ოჯახის წევრები გვდევნიან როგორც ფეისბუქით, ასვე ტელეფონით და ხშირად უკვე პირადადაც, ძალიან გვეშინია საწყალი კესარიას ბედი არ გავიზიაროთ.
ლუბოვი
-მართლა ვერავის ვეუბნებით ჩვენი შიშის და პრობლემების შესახებ, ჩვენი პრობლემა ჩვენი ორიენტაციაა-რა ვქნათ, ასე მოხვდა. გვეგონა ყველა პრობლემა წარსულში დარჩა, მაგრამ ახლაც გვაქვს და როგორც ვხედავთ მომავალშიც გვექნება. საქართველოში ვერასდროს დავბრუნდებით-ეს ზუსტად ვიცით-ისეთი წახალისებულია იქ ჩვენნაირების დევნა და მკვლელობაც კი. იმდენად დაიძაბა ჩვენს გარშემო ვითარება, უბრალოდ ძალიან გვინდა გითხრათ-რამე რომ დაგვემართოს-თქვენ მაინც გეცოდინებათ, რომ საქართველოში მოძალადეების წახალისების შემდეგ, აქაც ჩვენი ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. გვემუქრებიან-აქ ჩამოგათრევთ და პასუხს სამაგალითოდ გაგებინებთო. საქართველოში ყოფნის დროს ფორმალურად, ხალხის აგრესიის მოსაგერიებლად „მეგობარი მამაკაცი“ მყავდა. ვიფიქრე ასე თავს დამანებებდნენ, მაგრამ ამ კაცმა გამყიდა, საოცარი აგრესიის მსხვერპლი გავხდი მისგან. ქვეყანა რომ დავტოვე, ცოტა ხანს მის შესახებ არაფერი გამიგია და ახლა, რაც საქარტველოში მოდა გახდა ძალადობა, მეძებს, ყველა გზით მეძებს და ამბობს, რომ სირცხვილს ვერ მაპატიებს და მისი შერცხვენისთვის „ღორივით დამკლავს“.
ნათია
-ასეთ დღეში როდემდე უნდა ვიყოთ!! უკვე საბოლოოდ მივხვდით, რომ საქართველოში არ ჩაგვესვლება, სიცოცხლის ბოლომდე ასე სხვა ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. უკვე აღარ ვიცით რა იქნება ხვალ და ვინ შეძლებს ჩვენს დაცვას!
ლუბოვი:
-შარშან მამა გარდამეცვალა, ჩემმა ვითომ მეგობარმა კაცმა კარგად იცოდა, როგორ მიყვარდა მამა, დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად ჩავიდოდი და მომზადებულა როგორც უთქვამს „ჩემს სათრევად“ თავის ძმაკაცებთან ერთად. სიმართლე გითხრათ ვაპირებდი კიდევაც ჩასვლას. მაგრამ არ წამოვსულიყავი, რადგან ის და მისი ,,უშიშროების ძმაკაცები” უკვე მზად იყვნენ ჩემდამი ფიზიკური ანგარიშწორებისთვის. რომ არ ჩავედი, იმას ამბობდა თურმე თან ჩემი დის გასაგონად, მაინც ვიპოვით და სიცოცხლეს გამოვასალმებთო. არ ვიცი როდემდე უნდა ვიყოთ ასე შიშის ქვეშ.
კიდევ ბევრი დარჩათ ქალებს მოსაყოლი, თავიანთ სათქმელს ქაღალდს უმხელენ და ინახავენ წერილებს-თუ მართლა რამე დაგვემართება, ამ ჩანაწერებით მაინც გაიგებს საზოგადოება სიმართლესო.