რაც უფრო მეტი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და სწრაფად აღდგება ქვეყნის ეკონომიკა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას უნდა გვესმოდეს ის კავშირი, რომელიც მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორისაა.

„ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ ქვემოთ წამოვიყვანეთ. თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა და დღეს დღეში 1000-1500 ინფიცირებული გვყავს, როდესაც 1 თვის წინ ეს რიცხვი 5 000-ს უახლოვდებოდა. ყველას უნდა გვესმოდეს ის კავშირი, რომელიც მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორისაა. რაც უფრო მეტი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და სწრაფად აღდგება ქვეყნის ეკონომიკა. მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტ-კოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით ნივთის მიღება, ამიტომ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადავახალისოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave a Reply