ბლოგი

ირაკლი შამათავა

მწერალი

დილის შვიდის თერთმეტი წუთია… გამომეღვიძა. სიმართლე გითხრათ, ამდენი არასდროს მძინებია. ერთხელ ბავშვობაში ძილის რეკორდის დამყარება მინდოდა, ოცდაექვსი საათი და თოთხმეტი წუთი მეძინა. შეშინებულმა მამამ გამომაფხიზლა, რომელსაც ეგონა რომ ძილში გავიპარე. სასხვათაშორისოდ, ასეთი ექსპერიმენტები მრავლად ჩამიტარებია.
ამჯერად მამაზე მოგონებებს არ ვწერ, ხალხი ისედაც დაზაფრულია. გარეთ ვირუსი ბატონობს, რომელსაც სახელად COVID–19 დაარქვეს. მან ფაქტობრივად მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა. სამაგიეროდ, ჭირიც მარგებელიაო რომ იტყვიან, ბევრ რამეზე დაკვირვების საშუალება მოგვცა. ზოგი შვილებთან კონტაქტს უფრო ახერხებს (კარგი და ცუდი უნარების აღმოჩენას და შეცვლას), ზოგი ემიგრანტ მშობელს მეტად ესიყვარულება, ზოგიც სამყაროს რუტინიდან გამოვიდა და მგრძნობელობა მოემატა (სხვათა შორის, მგრძნობელობის მომატება მტკივნეული მარტო ღრძილთანაა, თორემ ისე მშვენიერი რამ არის). ადამიანმა, ამ რამდენიმე დღეში აღმოაჩინა, თუ რამდენი რამ დაკარგა ცისქვეშეთში; სამაგიეროდ, როგორც კი ჩაივლის ეს ვირუსი, მთავარია ყველაფერი დაალაგოს/მოაწესრიგოს თითოეულმა ჩვენგანმა და სტანდარტულობაზე/შაბლონურობაზე უარი თქვას (შაბლონი განცხადებაც არ მიყვარს მე პირადად, ადვოკატის პროფესიის მიუხედავად, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა საქმე ინდივიდუალურია, ყველა ტექსტი და ურთიერთობა – განსაკუთრებული).
ჩვენ გვგონია, რომ დალაგება მხოლოდ სახლს, საკუჭნაოს, ავეჯს, გარდერობს, სამზარეულოს, მაცივარს ესაჭიროება, ამ დროს დალაგება პირველ ყოვლის გვმართებს მეგობრული თუ პირადი ურთიერთობების, ესაა ჩემი წარმატების ნომერ პირველი ფორმულა. მე რამ შემაწუხა? ალბათ იტყვით, რა არ ასვენებს ამ დალოცვილსო. ჩემს მწუხარებას, COVID–19 კი არა, წარსულის ქიმერა ჰქვია. ის ყველა ჩვენგანს ლანდივით დასდევს. ბევრი კი იძახის, წარსულის მხოლოდ ღირებულებები შეინარჩუნეთ, სხვა ყველაფერზე უარი თქვითო, მაგრამ ნაკლებად სარწმუნო მგონია იმ კაცის რჩევა, ვისაც ღამის წინ არ ტანჯავს ან არ სიამოვნებს გზა, რომელიც უწინ გაიარა. პირადად ჩემი წარსულის ქიმერა იმდენად სენტიმენტალური, გულწრფელი და ნაღდია, რომ მზად ვარ შეულამაზებლად გაგაცნოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ გამომცემელთან გასაგზავნი ტექსტი არ არის, საწიგნე მასალა. (თუ მოვინდომებ, არც ეს გამიჭირდება, რადგან ზუსტად რომ გულწრფელობისგან დაცარიელდა სამყარო, სინაღდე აკლია ყველა დედამიწელს და რაც უშუალო და უბრალოა, აბა იმას ვინ არ გამოაქვეყნებს).
რატომ არ რთავს ირაკლი შამათავა ნაძვის ხეს

ვინც ჩემთან ნამყოფი ხართ სახლში (გალში, ფოთში, თბილისში თუ ბათუმის თუნდაც შავ კარკასში), ფიქრობთ, როგორი ფუფუნების მოტრფიალე ადამიანი ყოფილაო. სინამდვილე სულ სხვაგვარია! ზუსტად ამიტომ, გიამბობთ რამდენიმე ისტორიას სტუდენტობის წლებიდან. გაზულუქებული კაცი რომ არ გეგონოთ იმიტომ კი არა, უბრალოდ იმისთვის, რომ ყველა დროებაში თავისთავადი ვჩანდე! კაცმა ხატება არც ერთ პირობებში არ უნდა დაკარგოს. რაც ინდივიდუალიზმს შორდება, ის ფუჭდება კიდეც, გაფუჭებულ კარტოფილს კიდევ ხარისხიანისგან აცალკავებენ, მარტო იმ მიზნით, რომ სხვაც არ დაალპოს.
მოკლედ რომ ვთქვა, რამდენი სახლიც არ უნდა ვიყიდო (კრედიტით თუ მის გარეშე) და რამდენ ქალაქშიც არ უნდა დავსახლდე, ამის მიუხედავად მაინც უსახლკარო ვარ. ერთხელ მამამ მითხრა, ყველაფერს რომ მიაღწევ, მაშინ მიხვდები როგორი უმიწაწყლო კაცი ხარო. ამ ვირუსის დროს გაჩნდა ცნება (ჰეშთეგი) „დარჩი სახლში“ და არა „დარჩი შინ“, რადგან სახლი შეიძლება ყველგან იქონია, შინ კი – მხოლოდ ერთია. ჩემი „შინ“ აფხაზეთში დარჩა სამუდამოდ და მასთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა, ბარიკადებითა და მავთულხლართებით შემოირაგა. წარმოიდგინეთ, 5 წლის ბავშვს, რომელსაც დეკორატიული ღობე-გალავნების თვალიერება ჩვევად ჰქონდა, უცებ მავთულხლართებით შემოუსაზღვრეს ტერიტორია და შინდასაბრუნებელი რუკაც დაუხიეს. კომპასი კიდევ, ყველა გზა-კვალარეულის დასაბრუნებლად საკმარისი ინსტრუმენტი როდია.
ახლა, ამ კარანტინის თუ თვითიზოლაციის პირობებში, დავფიქრდი რამდენი ბინა მოვიცვალე სტუდენტობის დროს. წარმოიდგინეთ, – 22. ზოგიერთიდან ქირის დაგვიანების გამო გავუგდივართ, ხანაც საერთოდ – თვეობით გადაუხდელობისთვის. (თუმცა, როგორც კი პირველი სამსახური დავიწყე, უპირველესად თსუ-დან დიპლომი დავიხსენი; მადლობა ჩემს დედა-უნივერსიტეტს, რომ ჯერ კიდევ მაშინ დამამთავრებინა განვადებით სწავლა, ვიდრე ბანკებში გაჩნდებოდა „სწავლის განვადების პროდუქტი“. დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი დავიტოვე, სამსახურის მაძიებელმა, ორიგინალი კიდევ დედაჩემს გავუგზავნე ფოთში. (როგორც ოლღა ბებო კოცნიდა ზურიკელას „სიმწიფის ატესტატს“, ისე რომ დაეკოცნა თავისი ნაჯაფარი წლები).
სამსახურის დაწყებისთანავე, მოვძებნე ყველა ბინის მეპატრონე და პირნათლად გავუსწორდი. იყო ისეთი ისტორიაც, ზამთარში რომ დავრჩენილვარ სუსხსა და ყინვაში, მაგრამ ღირსება ის არის, სიძულვილით არ დაუპირისპირდე გარშემომყოფთ, არამედ გულში სხვაგვარად ჩაახედო და ჰუმანიზმის მასტერკლასი ჩაუტარო. შურისმაძიებლობა დანაშაულია ყველა დროებაში, თუნდაც არეულ და გაუტანელ წლებში მოგიწიოს ცხოვრება!.. წარმოიდგინეთ, დედაჩემმა, რომელზე ახლო ადამიანი და მესაიდუმლე ცხოვრებაში არავინ მყოლია, ჩემი ეს თავგადასავალი არც იცოდა. პოეტ თამარ შაიშმელაშვილთან ინტერვიუ რომ გამოაქვეყნა მედიაჰოლდინგმა „KVIRA.GE”-მ, დედამ წაიკითხა და იმ ღამეს თვალცრემლიანმა დამირეკა: – არ წარმომედგინა მთლად ასეთ გზას თუ გადიოდი, შვილოო“. და ეს სიტყვა „ასეთი“ იყო მთელი სტუდენტური ცხოვრების შემაჯამებელი. ყველაზე ზუსტი ლექსიკური მარაგი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს იტევდა. და „ასეთ გზაზე“ მივილტვოდი მარტო, ვხვდებოდი დამოუკიდებლობის ფასს. რომ წარმატების მაძიებელმა მივატოვე ორსართულიანი, კეთილმოწყობილი სახლი ფოთში, თბილ კერძზე და დაუთოვებულ ტანსაცმელზე ვთქვი უარი. განა ეს ადვილი იყო? წარმოუდგენლად რთულიც კი ყოფილა და ის სულაც არ ჰგავდა თხრობის დასაწყისში ნახსენები უდარდელი ბიჭის ძილის ექსპერიმენტს. ვიცოდი, რომ საჯარო ბიბლიოთეკიდან დაბრუნებულს არ მხვდებოდა ცხელი სადილი, არც თბილი ლოგინი, არც საინტერესოდ მეტყველი, ცხოვრებანანახი დედაჩემი დამიჯდებოდა სასთუმალთან და ფორტეპიანოსებრ აათამაშებდა თითებს ჩემს თმებში, – დავარცხნის მიზნით. ვრჩებოდი პირისპირ სასტიკ, ველურ პირობებში, ფოლგააკრულ ფანჯრებთან, – იმედისა და ოცნებებისგან დაცარიელებული, უმამოდ დარჩენილი ცხრამეტი წლის ბიჭი, რომელსაც რაღაც განსაკუთრებული უნდა ექნა მეგაპოლისში თავის დასამკვიდრებლად და ამავდროულად ღირებულებების შესანარჩუნებლად. ზოგადად, ომის მერე (5 წლის ბავშვის ცნობიერი) მიეჩვია ერთ რამეს, წარმატება ლანგარზე მორთმეული არ მერგებოდა, ყველაფრის მოპოვება და შენარჩუნება იყო გარდაუვალი.
ახლა, დაპირებისამებრ, გავიხსენებ სტუდენტობის წლებს…
თსუ-ს ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ვარ (ფდა). ყველამ, ვისაც თსუ-ს კურსდამთავრებული ჰქვია, იცის რამხელა აუდიტორიაა ეს. სამართლის ლექციის მოსასმენად, გერმანული დროით, დილის 9 საათზე აუდიტორიის კართან ატუზული ვარ, იშვიათად რომ დამაგვიანდეს. ერთი ლექტორი გვყავდა, სათითაოდ კითხულობდა ოთხასივე სტუდენტის გვარ-სახელს და ამასობაში გადიოდა კიდეც მთელი ოთხსაათიანი სალექციო კურსის ერთი და ზოგჯერ ცოტათი მეტი საათი. ისე, რამხელა ნებისყოფა უნდა ოთხასი სტუდენტის გვარ-სახელის ამოკითხვას და დასწრება-არდასწრების გაფორმებას, სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდები ამის საჭიროებას. დღეს, მე რომ ლექტორი ვარ, 20 სტუდენტის აღრიცხვა მეზარება, ის კიდევ როგორ თავდაუზოგავად ახერხებდა… გვარების ამოკითხვის დასრულებისთანავე, ერთმა სტუდენტმა მოურიდებლად აწია ხელი და პრეტენზია დააფიქსირა ლექტორთან: – აქაურობა იყინება, ზამთარია და მსგავს პირობებში სწავლა შეუძლებელიაო. ლექტორმა დააკვალიანა, რომ მსგავსი ადმინისტრაციული საკითხები და პრეტენზიები განიხილება დეკანატში, თან საჩივრის წერასაც დროულად მიეჩვევით, ისწავლით საკუთარი უფლებების დაცვა-რეალიზებას და ეს იქნება ზოგთათვის დიდი გამოცდილება!.. ვუყურებ გაშტერებული, ხან ლექტორს, ხან გაყინული აუდიტორიის კედლებს, ხანაც თავად პრეტენზიის განმცხადებელს დავეძებ, მაგრამ როგორია ოთხას სტუდენტს შორის იმ ერთადერთის პოვნა, და იცით რა მიკვირს? სახლში როგორ კარგად უნდა ცხოვრობდეს ახლა ეს სდუტენტი, რომ ასეთ რამეზე „დაკვირვება“ შეძლოს. აბა ჩემს ნაქირავებ ბინას გათბობა კი არა, სახურავი არ აქვს. კრამიტი დაზიანებულია, სადაც ერთი წვიმის მოსვლა მთელ საშინელებათა ფილმის კადრებს აცოცხლებს. მეც, რეჟისორივით, ალმოდოვარის ან ჰიჩკოკის მსგავსად, ვცდილობ ორიგინალური მეთოდებით ტანსაცმლისა და საძინებლის გადარჩენას.
უფრო დეტალურად უნდა მოგიყვეთ ეს ფრაგმენტი… იმის მიუხედავად, რომ ნაქირავებ სახლში ძალიან ცუდი პირობები მაქვს, ლექციაზე ყველაზე თავმომწონედ ვზივარ. ისე სოლიდურად მაცვია, ვერავინ შემატყობს „გაჭირვებას“. ესეც 90-იანების გამოცდილებაა. სიდიხჭირის დამალვის უნარ-ჩვევები… დილით, სახლიდან უნივერსიტეტამდე რატომ 10 კილომეტრი მაინც არ ვიარე ფეხით, სამაგიეროდ, ლექციაზე არაფერი მემჩნევა. ელემეტარული, სუნთქვაც ქრ მაქვა გახშირებული, ყველაფერს ვარეგულირებ.
ლექციის დასრულებისთანავე, მეგობრებმა მთხოვეს სახლში სტუმრობა. რეფერატი გვქონდა „საარჩევნო სამართალში“ მოსამზადებელი, თან მოგეხსენებათ, სტუდენტების მისვლა-მოსვლა ოჯახებში დიდი სიამოვნებაა! ჯერი ამჯერად ჩემზეა. უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, 34 ნომერი ავტობუსი გაჩერდა და ცალ ფეხზე დგომით ვიმგზავრეთ წყნეთამდე. ჯგუფელები გავაფრთხილე, ბოლო რეისი იცოდეთ 11 საათზეა, თუ არადა დარჩენა მოგიწევთ. (დარჩენაც ერთი სიამოვნებაა მათი გამოცდილებით, მაგრამ ნუ აჩქარდები მკითხველო!.. ჯერ ნახონ, რა საოცრება ელოდებათ წინ, დარჩენას რანაირად „გაბედავენ“.
ხის კარკასისგან შეკრულ სახლში შევედით. წინ მივუძღვები, მთავარსარდალივით, გიორგის, გიორგის, გიგასა და ნიკას. არადა, ერთი სული მაქვს მათი მიმიკები დავინახო, ყველა ემოცია აღვბეჭდო ფოტოგრაფივით. შევედით თუ არა ოთახში, ლოგინზე ჩამოჯდომა შევთავაზე, „სკამი არ არის მოტივით“… გულში ვლოცულობ, ნეტავი დღეს არ გაწვიმდეს. გარეთ თოვლი რომ დნება წესით არ უნდა იწვიმოს. იმედიანად ვარ ამინდთან მიმართებით. როგორ ვიფიქრებდი, რომ ესეც გამტყუნდებოდა.
რეფერატის რამდენიმე ვერსია დავწერეთ! მოგვშივდა… რასაკვირველია, რუსულ ე.წ „პლიტაზე“ დავდე ომს გადარჩენილი ტაფა, რომელიც ისეა დეფორმირებული, ზედ ეტყობა ჩემსავით რთულად გავლილი წლები. კარტოფილის გათლა დავიწყე თუ არა, კოკისპირულად გაწვიმდა, მწარედ შევცდი პროგნოზში. გიორგი იძახის: – ირაკლი, ვსველდებით, სახლი დაიტბორაო!.. მე მარტივ გამოსავალს ვთავაზობ. ლოგინს ქვემოთ პოლიეთილენია, რომელიც უნდა გადააფაროთ; ვინიცობაა და დარჩენა მოგინდეთ, ღამისგასათევი ხომ გინდათ მშრალი გქონდეთ. კი მეეჭვება, რომ ამ პირობებში დარჩენა რომელიმეს მოუნდეს, მაგრამ რა იცი, „კაცია და გუნება“. – და ჩვენ რომ ვსველდებით? – ჰყვირის გიგა, – ან რანაირად ვერ შეაკეთეს ჭერი ამ ოჯახქორებმა, ამხელა ქირას რომ იხდი. (რა იცის გიგამ, რომ 50 ლარს ვიხდი და ისიც სამი თვეა გადაუხდელია). ისე სიმწრით დაეგრიხა მიმიკა ნიკას, რომ ენით ვერ გადმოგცემთ! მე ისევ ვპასუხობ აუღელვებლად: – ჩვენ არ დავსველდებით! ხვდებიან სტუმრები, ეს პირველი შემთხვევა არაა ექსტრემალურ ამინდთან გასამკლავებლად, ეტყობა ხშირად მაქვს ასეთი განსაცდელი. თითით ვანიშნებ სტუდენტებს საზღვაო ქოლგაზე, რომელიც ფოთიდანაა წამოღებული. სხვათა შორის ამ ქოლგას ჩემი და წლობით ეძებდა, დაკარგული ეგონა და რომ მახსენდება ყველა ზღვის სეზონზე როგორ კითხულობდა თავის ქოლგას, სიცილს ვერ ვიკავებ. მოკლედ, ამ ვებერთელა ქოლგის ქვეშ მოვთავსდით სტუდენტები, ზუსტად ისე, კრუხი რომ გადააფარებს ფრთებს თავის წიწილებს. დღესაც, სუფრაზე რომ მოვხვდებით, ვიხსენებთ ამ ისტორიას; ასე ამბობენ: – ყველაზე გემრიელი კარტოფილი შენ სახლში ვჭამეთო. გიორგის გაახსენდა, ბოლო ავტობუსი 10 წუთში გადიოდა და თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ…
მეორე დილით ქიმიის აუდიტორიაში მოგვიწია თემ(ებ)ის დაცვა. რომ ვიკითხე, იმ სტუდენტს რა ბედი ეწია, რომელმაც გააპროტესა გათბობის არარსებობა-მეთქი, სიცილი აუვარდათ მეგობრებს. ეცინებოდათ ჩემს გაუტეხელ ბუნებაზე და თან იმედიანად იყვნენ, რომ ასე სამაგალითოდ მყავდა „გაჭირვება“ მორჯულებული. – როგორ გაგიშრა ტანსაცმელი? – მკითხა ნიკამ. კაცი რომ შემოგხედავს, უნივერსიტეტში ლორდი ხარ, დაუთოვებული და გამოწკეპილი დადიხარ, ვინ იფიქრებს, რომ საპირფარეში და აბაზანაც არ აქვს შენ ბინას, დარწმუნებული ვარ ტაფით აუთოვებ ტანსაცმელს, აბა უთო საიდან გექნება? – მე ვეუბნები, კაცს სწორედ რომ უქონლობა არ უნდა დაეტყოს, როგორც ზედმეტად შეძლებული ცხოვრება, თორემ ორივე ერთნაირად დაახრჩობს-მეთქი. ახლა ნიკას რომ ვუამბო, თავმოყვარე ვარ, უბილეთოდ მგზავრობას მირჩევნია დილის 6 საათზე გამოვდე სახლიდან და წყნეთიდან უნივერსიტეტამდე ფეხით ვიარო-თქო, სულ დაეკარგება წარმოდგენა. გზის დანაზოგით (20 თეთრით) მთელი დღის სამყოფ პოპკორნს ვყიდულობ, 4 ჭიქა გამოდის, მაგრამ მშველის შიმშილისგან გული რომ არ წამივიდეს საჯარო ბიბლიოთეკის ეზოში).
სამაგიეროდ, მე არ დამიკარგავს რწმენა საკუთარი თავის და იმ უფლის, რომელიც იძულებით კი არ მაპოვნინა ოჯახმა, არამედ მასთან ნებაყოფლობით მივედი, ფეხის ბარბაცით, ფორთხვით, მაგრამ ხომ მაინც მივედი. ახლა, ჩემს როიალს რომ ვუყურებ, 14 წლის წინ მეგობარი პოეტის ნათქვამი მახსენდება, რომელიც ჩემს მორიგ ბინაში (გეპეის საერთო საცხოვრებელში) მოხვდა და მას მერე ვერაფრით ივიწყებს ნანახს. 8 კვადრატში (რომელშიც შედიოდა საპირფარეშო-აბაზანა), ვცხოვრობდით 5 ადამიანი. ორი ხის ლოგინი იყო, ორიც გასაბერი ლეიბი, რომლის გაბერვა შუაღამის ტრადიციად იქცა. ამ 8 კვადრატიდან გასული, ერთხელ ერთ სოლიდურ კონფერენციაზე მოვხვდი, სომხეთის ქალაქ წახკაძორში, მწერლის სახლში, სადაც 27 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. იქ ვუკრავ როიალზე, რომელიც მისაღებში თავმომწონედ დგას. თან ვდიქრობ, რომელი უფრო დიდია, ეს როიალი თუ ჩემი ნაქირავები ბინა. მეგობარი პოეტი სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან შესვენების დროს თამაშობს ნარდს. უცებ კითხვა მესმის: – ირაკლი, თუ გაქვთ სახლში ინსტრუმენტი? იმათ რა იციან, მე რა გზას გავდივარ… როგორც წესი, ქედმაღალი მწერალი ფანტაზიას მიმართავდა და იტყოდა ტრაბახით, რასაკვირველია მაქვს ინსტრუმენტიო. ამის სანაცვლოდ ნახეთ რას ვპასუხობ: – როიალისხელა ოთახი მაქვს თბილისში, გენრი. დილით რომ ვდგები ფეხი გვერდულად უნდა დავდგა, თუ დამავიწყდა და ჩვეულებრივი ნაბიჯი გავაკეთე, მოტეხილობა მელის! და გავაგრძელე დაკვრა…
იცით, არაფერი მიკვირს საერთოდ ცხოვრებაში. საკმარისად შეძლებული ცხოვრებაც დავტოვეთ აფხაზეთში, მერე უქონლობის წლებიც იყო, მერე ფეხზე წამოდგომის, ისევ მოპოვების, ისევ დაკარგვის და ა.შ. ქონების ქონა-არქონამ როგორ უნდა გამტეხოს. მთავარია, რომ კაცი გაუმკლავდე ყოველივეს და მიიღო ისე, როგორც ბედისწერის საჩუქარი. სხვათა შორის, ორი ბიძის მაგალითს გიამბობთ. 90-იანების საქართველოში (ბევრად ადრე) ორივე უზომოდ შეძლებული იყო. ომის მერე ყველაფერი დაკარგეს. ერთმა ბიძამ (რომელიც დღემდე მოსკოვში ცხოვრობს) ეს განსაცდელი დაძლია, ხოლო მეორე ბიძამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. ორივე ბიძა გმირია ჩემს თვალში, მაგალითი ზნეობრივი ცხოვრების. თუმცა მე მაინც ბრძოლის გზას ვირჩევ. რაოდენ რთული განსაცდელიც არ უნდა იყოს, დამიჯერეთ, გვირაბის სიბნელეში არავინ დარჩება. შეიძლება გაიწელოს გვირაბში ყოფნა, მაგრამ გწამდეთ, მაინც გახვალთ სინათლის წყარომდე.
მოკლედ, ბევრნაირი ცხოვრება ვნახე. თვალი მრავალი სანახაობით დავღალე წუთისოფელში. (ადრე მოგზაურიც ვიყავი, მერე თვალის სიხარბეს ისევ სხვათა მაშველობა ვამჯობინე და მთელი ჩემი ფინანსური რესურსები მეგობრებსა და სრულიად უცნობ ადამიანებს მივახარჯე. ახლა საბანკო ტყვეობის ქვეშ მყოფს, ნაკლები ფუფუნება მაქვს სამოგზაუროდ და სათავგადასავლოდ). იმას ვამბობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო შიშის წლები… როდესაც არ ვიცოდი, რითი უნდა გადამეგორებინა დღევანდელი დღე. იყო ხათრის და ჯიბრის წლები, იყო გაუტანლობაც, სიჯიუტეც, სიმამაცეც. და როგორც მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში, იყო ფინანსური სიდუხჭირის წლები, რომელმაც ყველაზე არახელსაყრელ დროს მომისწრო (ისე, ხელსაყრელი დრო რომელია ნეტავი?!)…
ერთხელ საქვეყნოდ ცნობილმა მწერალმა მითხრა, გამოცდილებით და კალმის მოქნილობით ბევრს ჯობნი, მაგრამ სუნთქვა აკლია ხანდახან შენს ნაწერსო. რომ დავუკვირდი, სრულ სიმართლეს ამბობდა. სუნთქვა ნაწერს კი არა, მეც მაკლია. ისეთი სახლაფორთო ცხოვრება გამოვიარე, ალბათ დავეჩვიე ეკონომიურად სუნთქვას. ჰოდა, შეიძლება ჩვეულებისამებრ, ამ პატარა ნაწერში ბევრის მოყოლა ვეცადე, მაგრამ დამერწმუნეთ, ვიყავი ნაღდი და მართალი. მწერალი ხომ უპირველესად ნაღდი უნდა იყოს, ისეთი, გულს რომ ამოიღებს და შენ წინ დადებს, თან გეტყვის, – აჰა ერთად ვუყუროთ როგორ ძგერს ეს ოხერტიალი არსება. მწერალმა იცის, რომ დიდხანს ვერ გაძლებს უგულოდ, მაგრამ ცოტა ხანს ურჩევნია სიცოცხლე, ოღონდ იმ ცოტაშიც მოასწროს მაქსიმალურად ბევრი. მე პირადად, ეს ვერ შევძელი. რადგან როდესაც ვწერ მამაზე, დედაზე, ოჯახზე, მეგობრებზე, სულ ვფიქრობ, ნაწერითა და სიმართლით ვინმე არ დავაზარალო. ასე ზედმეტად მოფიქრალი თუ ხარ და ცხოვრებას სახაზავის სიზუსტით იყენებ, შეიძლება განვლილი წლები ზუსტად გაზომო, მაგრამ პრაგმატულად ვერ გამოიყენო.
სამაგიეროდ, სწორედ მაშინ, ამ ისტორიების ფონზე დავწერე წიგნი „ბავშვობადაკარგული თაობა“, სადებიუტო ნოველების კრებული და მასში ავტობიოგრაფიულად დავწერე ასეთი რამ: – ომის მიუხედავად, ჩვენმა ოჯახმა მალე შეძლო ადაპტაცია. სახლიც აფხაზეთიდან წამოსვლისთანავე (1 წელიწადში) ვიყიდეთ, პირველი ფერადი FUNAI ფირმის ტელევიზორი და ამავე სახელწოდების ვიდეო, საბავშვო კომპიუტერი „Dendy Junior“ კასეტებით,  „Super Mario“, “Tetris 1989”, “SEGA”, “SONY PLAYSTATION” ქალაქში ხუთ ოჯახს რომ არ ჰქონდა, მე საკუთარი გამაჩნდა (იყო ქირის სერვისიც იმდროინდელ საქართველოში). ომის მიუხედავად, მართლა არ დამიძინია მშიერს, ჩემი ბავშვობის ფოტო რომ ნახოთ, მაშინაც კარგად ჩაცმული ვიყავი და მშვენივრად გადაპრანჭული. ისიც მახსოვს, კოსტუმს ჩემგან თხოულობდა თანაკლასელები. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად რომ მოდიოდა ფოტოგრადფი სკოლაში და კეთდებოდა ალბომი – „ჩემი პირველი მასწავლებელი“, იქ ჩემი კოსტუმი რამდენიმე თანაკლასელს ეცვა, – მორიგეობით. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მე ვიყავი ლტოლვილი, ხანაც დევნილი, ხანაც ვინ და ხანაც ვინ… წიგნი რომ გამოვეცი, ჩემმა დამ მითხრა, ყველაფერი გვქონდა, რანაირად დაწერე “ბავშვობადაკარგული თაობაო”, რაზეც იყო ჩემი პასუხი: მართალია ჩვენ ყველაფერი გვქონდა, (ყოველ შემთხვევაში, ერთი კი არა, სამი ოჯახის სამყოფი), მაგრამ სხვების არქონა იყო მიზეზი, რითაც ვიგრძენი ბავშვობადაკარგულობა.
ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, ამიტომ შესაძლოა ეს ყველაფერი მოგვიანებით დღიურების სახით ავკინძო და მივაწოდო ჩემს გამომცემელს, არაფერია გამორიცხული…

Leave a Reply