შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა.

https://www.facebook.com/natelashvilishalva

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ითხოვს, საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

“ახალი არჩევნების დანიშვნამდე ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ ელჩები საქართველოდან და დააწესონ სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გარემოსთვის,”-წერს ნათელაშვილი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მისი პარტია ამ მიმართვას კატეგორიულად ემიჯნება.

“ამ განცხადების სულისკვეთებას და შიგნით მოყვანილ იდეებს კატეგორიულად არ ვიზიარებთ. თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები ყოველთვის მხარს უჭერენ ქართველი ხალხის თავისუფლებას და მათ თავისუფალ ნებას. ტაქტიკურ, თუნდაც მნიშვნელოვან ტაქტიკურ საკითხებზე, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ხოლმე განსხვავებული აზრები, მაგრამ, საერთო ჯამში, თავისუფალი სამყარო არის ჩვენი მთავარი მოკავშირე,”- აცხადებს გიგა ბოკერია.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის მოთხოვნებს არ ეთანხმება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძეც და მიიჩნევს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს.

ნათელაშვილის მიმართვას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ანრი ოხანაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ანტიდასავლური განწყობის პირები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

“სერიოზული შეფასება ამ ადამიანის გამონათქვამებს ვერ მიეცემა, თუმცა, ესეც უნდა გახდეს საზოგადოებაში შეფასების საფუძველი, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური სუბიექტები, რამდენად შეიძლება იწოდონ პოლიტიკოსებად. ეს უნდა გახდეს გადაფასების საფუძველი, რომ მსგავსი ტიპის ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელი პირები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი, რადგან ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

Leave a Reply