პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ კიდევ ერთხელ გაიხსენა განვლილი წლები და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების ცვლილება სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდმა რაოდენობამ, ხალხის მაქსიმალურმა მობილიზაციამ განაპირობა.

„არ მინდა, ნიუანსებში ჩავიდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო ძალიან აქტიური იყო, აშშ-დან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი მე მარწმუნებდა, რომ როგორმე ოპოზიციას დავჯერებოდი ამ ეტაპზე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისიც მახსოვს, როდესაც არჩევნების დღეს დათვლა შეაჩერეს ერთი პერიოდი და ამ დროსაც გარკვეული შეხვედრები გრძელდებოდა. ჩვენს მეგობრებს ამერიკული თანამგზავრიდან გადაღებული ხალხის რაოდენობა ვაჩვენე, მე ამის გამჩერებელი არ ვარ, არასწორი იქნებამეთქი. ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა. მობილიზაცია მოხდა რეალური ძალის და არა ამ ხელოვნური, მოგონილი ძალის, რასაც დღესაც ცდილობენ, გამოიყენონ. რეალური ძალის მაქსიმალური მობილიზაცია იყო მენეჯმენტის, მათ რიცხვში, ჩემი დამსახურება და, რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

Leave a Reply