ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანა პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას.

პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფება „პოლარული დათვის“ მეთაურმა, მაიორმა რობერტ გრეივსმა მიმართა. მან მე-13 ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და 32-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, პოლკოვნიკი მაიკლ სკარპულა და ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები დაეწრნენ.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” წარმატებით შესრულებისთვის მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობას ამერიკული მედლები გადაეცა.

მე-3 ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონი აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*