მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი, ეს არის, მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე – მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე სამინისტრო წარმოადგენს ამ გეგმას, რომელიც მთავრობის შემდეგ სხდომაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published.