ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე ღიად გამოხატავს პარლამენტში შესვლის სურვილს. მოლაპარაკებების პროცესს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გამოეხმაურა და  განაცხადა, რომ “ძალიან კარგია რომ სხვა პარტიები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” “ბულინგს დაუძვრნენ”.

მისივე თქმით  “ნაცებთან” და მათ “ნაცისტურ” პარტიებთან მოლაპარაკებები შეუძლებელია”.

“ძალიან კარგია, რომ პარტიები დაუძვრნენ ბულინგს ორი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, “ნაცებს” და “ევრონაცებს” ვგულისხმობ. გასაგებია ისიც, რომ რასაც წარმოადგენენ “ნაცები” და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივე იქნებიან შიგნითაც. ამ ადამიანებთან დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. მათ უნდათ ან გაიტანონ თავისი, ან ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა მათ შემდეგ, ასეთია მათი პოლიტიკა.

როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება აქვთ შიგნითაც და ასეთ დროს თუ ალეკო ელისაშვილი ან რომელიმე სხვა, ვერ ხედავს მათთან მოლაპარაკების ვერც რესურსს და ვერც აზრს, ეს ნიშნავს, რომ მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი,” – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

Leave a Reply