აშშ-ში ინაუგურაციისთვის ემზადებიან.  ჯო ბაიდენი ისტორიულ ფიცს საგანგებო მდგომარეობაში დადებს, რადგან 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმმა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები გააასმაგა.

ინაუგურაციის დროს ამერიკის ეროვნულ ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს,  სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იქნება ჯენიფერ ლოპესი, რომელიც, როგორც ადგილობრივი მედია წერს,  გაგას სცენაზე ინდივიდუალური შესრულებით ჩაანაცვლებს.

უკვე ცნობილია ინაუგურაციის სცენარი – ჯო ბაიდენი ბიბლიაზე ფიცს კამალა ჰარისთან ერთად დადებს, რომელიც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში. ისინი სცენაზე ოჯახებთან ერთად იდგებიან, მათ თეთრ სახლში ფორმიანები ცერემონიულად მიაცილებენ. არ იქნება აღლუმი, COVID 19-ის გამო წელს ქვეყნის ახალი მთავარსარდალი საკუთარ ჯარს სიმბოლურად გაუწევს ინსპექტირებას, ტრადიცია ვირტუალურად შესრულდება. ინაუგურაციას მთელი მსოფლიო ყურადღებით ელოდება – მას ონლაინპლატფორმების გარდა ფართოდ გააშუქებენ მსოფლიო დონის ტელეკომპანიები. CNN, CBS, ABC, NBC დილიდან სატელევიზიო ტრანსლაციას დაიწყებენ. “პრაიმ ტაიმში” 90 წუთიან შოუს ვარსკვლავების მონაწილეობით ყველასათვის საყვარელი ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება.

ცნობილია ისიც, რომ ინაუგურაციის დღეს თავიანთი გეგმები აქვთ ტრამპის მომხრეებს – ისინი პარალელურ რეჟიმში “მეორე ინაუგურაციას” გამართავენ, ოღონდ ვირტუალურად. Facebook ღონისძიებაზე დასწრებაზე 68 000-მა ადამიანმა უკვე განაცხადა თანხმობა. ამით ისინი ტრამპის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამენ.

 

Leave a Reply