თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში არა ნაგვის ურნები, არამედ ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის კერძო ინიციატივაა.

გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ეს, ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩაზე გადაღებულ ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, მერიას, მერს, რომ თურმე საერთოდ რაზე ვფიქრობთ, რა პროექტებს ვახორციელებთ. საუბარი იყო იმაზე, თითქოს დასასვენებელ სკამებში ჩავდგით სანაგვე ურნები, რომელიც ფოტოებზე გადავსებული იყო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიცრუეა. მინდა, რეალობა ვუთხრა საზოგადოებას: ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი ძალიან კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომელთაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები უკვე დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, პანდემიის პირობებში რესტორნები გაიხსნას. აღნიშნულმა ორმა ახალგაზრდამ ეს მოსასვენებელი სკამები განათავსა, რომლებზეც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published.