თავრობა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების დაწყებას განიხილავს, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია.
„დღეს მთავრობა იწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია 2021-2024 წლების განმავლობაში. ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და ჩვენ ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება. გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave a Reply