გენერალური პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებისთვის ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30 000-ლარიან გირაოს და საგამოძიებო უწყების გარეშე, ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ივერი მელაშვილი კი თავის მხრივ  ბრალდებას არ ეთანხმება, ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა.

მოვლენათა განვითარებას გამოეხმაურა თეა წულუკიანი.

თუ მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი ჩაანაცვლოს წინასწარი პატიმრობა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით – კვლავ საჭიროა თუ არა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას და დღესაც, ვიყავით და ვართ მოწმენი იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვგონია, თითქოს პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რათა ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი ჩაანაცვლოს წინასწარი პატიმრობა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით – კვლავ საჭიროა თუ არა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის. „ქართული ოცნება“ იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ. თუკი დღეს აღმოჩნდება, რომ ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შედეგად გამოძიებამ მიიღო იმის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულები ასრულებდნენ ვიღაცის დავალებებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა მიზნებისთვის მათი პატიმრობაში ყოფნა იყოს დასაბუთებული, ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ გამოძიება გავიდა ბოლოში და შესაძლებელია, რომ ეს პირები საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Leave a Reply