30 იანვარს ფილადელფიაში, “ასტორიაში” ლელა ნინუას მართლაც რომ ქართული პროექტი “სამოსი სამშობლო” გაიმართა. ლელა ნინუა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ამ პროექტის მხარდამჭერს ფილადელფიაში ქართულ კლინიკას ,, NP medicine “ ნინო ქავთარაძეს და ეკა მეტრეველს. ასევე  რესტორან “ასტორიას” დირექტორს ეკა მაისურაძეს.

წითელი ხალიჩა, ქართული სამოსელი, სიმღერა, აპლოდისმენტები და რაც მთავარია – დიდი სიყვარული და მონატრების ფარული სევდა…ქართული დროშა, ჰიმნი და იქ, კილომეტრების მიუხედავად შენარჩუნებული ქართული სული…
მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ…

პროექტის იდეის ავტორი ჟურნალისი ლელა ნინუა გახლავთ, რომელსაც ჩვენი მკითხველა კარგად იცნობს. თუმცა კი არც ეს პროექტია თქვენთვის უცხო, რადგან ტელეკომპანია” ახალმა ” არაერთი სიუჟეტი მიუძღვნა და შეგახედათ სამზარეულოში, თუ როგორ იქმნებოდა, იხვეწებოდა და “ფრთებს შლიდა” პროექტი.

-სამშობლო ის სამოსია, რომელიც არასოდეს ძველდება და ცვდება! სამშობლო ის სამოსია, რომელიც ტანზე თუ არა, ფიქრზე, გონებაზე, ოცნებებზე და ხშირად ჩვენს მიზნებზე გვაქვს შემოცმული! რაც უფრო შორს ვართ უშუალოდ სამშობლოს სხეულისაგან, მით უფრო საჭირო ხდება ის ჩვენთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, ემიგრაციის ის თაობებიც კი, ვისაც ფეხი სამშობლოს სხეულზე არც კი დაუდგამს, მას, როგორც სამოსს, ისე ატარებს გულზე და გონებაზე! ჩვენ ეს ყველას გამოგვიცდია, ჩვენ ყველა ამ სამოსით ვთბებით აქ და ეს სამოსი გვაძლებინებს!

ჩვენი დღევანდელი შეკრება არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენს ტანზე, ფიქრზე, ჩვენს გულზე წამოსხმული სამშობლოს განცდა, გუშინდელის, დღევანდელის თუ ხვალინდელის ერთ დიდ დღესასწაულად ვაქციოთ და დავამკვიდროთ! დღეს პირველი დღეა ამ მცდელობის და თუ ეს გამოგვივიდა, თუ ყველამ ჩვენი შესამოსელი სამშობლო აქ მოვიტანეთ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ კიდევ ერთი კუნძული გავაჩინეთ ამ დედამიწაზე, სადაც შეგვიძლია ჩამოვსხდეთ და ჩამოვისვენოთ, ისე, როგორც თავის სახლის კართან შეძლებდა ადამიანი!

თუ ყველა ერთი დღით მოვიტანთ აქ ჩვენს სამოს სამშობლოს, ეს აუცილებლად გამოგვივა მომავალშიც. საღამოს სწორედ სამშობლოს მონატრების ელფერი დაჰკრავდა, ეს იყო ერთი დიდი მონატრება…

სიმბოლურ პოდიუმზე ყველა ასაკის თაობა გამოვიდა , სამშობლოშემოცმული სიმბოლური ატრიბუტებით, იყო ცოცხალი მუსიკალური გაფორმება .ორი მაესტრო – ირაკლი შარაძე და ლევან შენგელია, ემიგრანტი ბავშვების შესრულებული პატრიოტული სიმღერები , ისტორიები, რომელიც არამარტო მონატრებას, არამედ დაკარგულ ტერიტორიებზეც იყო.

საღამო გახსნა “ერისიონის” სოლისტმა სალომე ბიბინეიშვილმა თავის 6 თვის ქალიშვილთან ერთად , ყველაზე უხუცესი 67 წლის ემიგრანტი ქალბატონი ნატალია სულაშვილი იყო , სიმბოლურად კი საღამო 17 წლის ანა ჯანჯალიამ დახურა, რომელიც სამხედროების ოჯახიდანა და ის მალე ამერიკულ ჯარში იმსახურებს.

დროშა რომელიც მან სცენაზე გამოიტანა, ცხინვალის კოსოვოს ერაყში ომგამოვლილია…ბოლოს კი აჟღერდა ქართული ჰიმნი-გვითხრა ლელა ნინუამ.

დავით ფრანგიშვილი.

-ჩემი 20 წლის ემიგრაციის სტაჟით, პოზიტიური მუხტით ვიყავი დამუხტული წუხანდელი საღამოთი, რომელიც მოაწყო არაჩვეულებრივმა ადამიანმა ქალბატონმა ლელა ნინუამ, კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და ერთმანეთს გადავეცით სიყვარული და ქართული სული, ჩემი აქ მონაწილეობა და წითელ ხალიჩაზე გამოსვლა, თვითმიზნად არ ყოფილა დასახული არასოდეს, ჩემი მიზანი არის ის, რასაც ჩემი ბაბუა, ჟორჟ ფრანგიშვილი, სახელოვანი საცირკო ძალოსანი, მუდამ ჯანსაღ სპორტულ ცხოვრების წესს სთესდა და მეც ამ ტრადიციას ვაგრძელებ, მინდა ბავშვებს პატარა ნაპერწკალი გაუღვივო გულში და დაიზარდნონ ალგეთს ლეკვებიც ჩვენს ემიგრაციაში! აშშ-ში ვარ ფუძემდებლები ქართული ჭიდაობის კლუბის, სადაც მომავალ თაობას იმ ჯანმრთელ გენოფონდს, ისევ ჩვენს სამშობლოსათვის ვზრდი, ჩემს შვილებთან გიორგისა და ნიკუშასთან ერთად, სხვათაშორის ჩემი გიორგი პირველი ქართველი ამერიკელი ემიგრანტია, რომელმაც 4-ჯერ მიიღო მონაწილეობა ნაციონალურ ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ძიუდოში და სამბოში, ყველას მოგიწოდებთ ერთმანეთის პატივისცემასა და მოყვასის სიყვარულით ცხოვრებას.

ლუიზა ჩოჩია.

აფხაზეთიდან

-შედგა ძალიან ლამაზი საღამო,საქართველოს სიყვარულზე და მონატრებაზე აგებული.საღამოს ამშვენებდა ქართული სამოსი ,პოეზია,მუსიკა,უნიჭიერესი ადამიანები.ეს ლამაზი და აუვიწყარი საღამო გვემახსოვრება მუდამ.დიდი მადლობა საღამოს ორგანიზატორს ლელა ნინუას.

ორი მაესტროს ცოცხალი შესრულება , წითელ ხალიჩაზე გამოტანილი საქათველოს ღირებულებანი , გარინდული დარბაზი …სრული ნოსტალგია , ფიქრით გარდასახვა , მშობლიურის შეგრძნება ოკეანაეს გაღმა მოცმული ,,სამოსი სამშობლო”.

16 წლის ანა კილასონია კი საღამოს აღმოჩენა გახდა , ის უამრავი კონკურსის გამარჯვებულია

-მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვეფერე ჩემს მონატრებულ საქართველოს, სამშობლოს, რომელიც შეიძლება მუდამ თან ატარო, იყო ღირსეული და ამაყად გეჭიროს თავი, რომ ქართველი ხარ-ამბობს ანა.

ნინა ჯანგველაძე

-29 წლის ვარ, ვწერ მუსიკას და ლექსებს, ვდგევარ სცენაზე და ჩემი შემოქმედებით პოდიუმზეც გამოვედი, ეს ის სამოსი იყო, რომელიც ტანზე მაცვია და მას შემოქმედება ჰქვია .

ანა გაჩეჩილაძე

-საღამოზე ნაჩვენები იყო, მშობლიური სამოსით შეკაზმული, ქართველი ქალის სილამაზis და ქართველი კაცის ვაჟკაცობის სინთეზი . გალამაზებული იყო ქართული პოლიფონიური მუსიკითა და ნოსტალგიური პოეზიით . ამ საღამოთი გამოვხატეთ ჩვენი ქვეყნის მონატრება, ტკივილშეზავებული სიყვარულით.

ფატი ჭინჭარაული

-ამ ლამაზ საღამოს ამერიკაში კი არა, საქართველოში მეგონა თავი.  ლელას ემოციურმა ლექსებმა ამატირა და ეს ცრემლები იყო მონატრების, სიყვარულის და ერთად დგომის,  ამ დღემ დამანახა, რომ ჩვენ, ქართველები არ გადავშენდებით. მადლობა ამისთვის ლელას. მადლობა ტელეკომპანია ,, ახალს”.

მარიამ კოპალეიშვილი

ნინო ქავთარაძე

-NP medicine ქართული კლინიკაა ფილადელფიაში , მე და ეკა მეტრეველმა წლების მეგობრობის შედეგად შევქმენით სამედიცინო კლინიკა და მთელი პანდემიის ქარბორბალმა ჩვენს თავზე გადაიარა , მაგრამ მყარად ვაგრძელებთ წინსვლას . დღევანდელ საღამოს კი ერთადერთი სპონსორები გავხდით, რადგან სადაც ქართული ფესვებია, იქ ჩვენი კლინიკა ყველგან იტყვის ქართულ სიტყვას , მთავარია ჯანმრთელი თაობა , ქართულ ფესვებს კი ერთად გავამყარებთ.

ინგა გოგიშვილი

-მე ვარ ერთ – ერთი მონაწილე ამ პროექტის, სადაც ქართული სუნი და სული ტრიალებს. ჩემს წილად ბედნიერება მქონდა პოდიუმზე გამეცნო ახალგაზრდა სამაგალითო გოგონა, რომელიც ამერიკის ჯარში მსახურობს. ჩემი პატარა კოლექციიდან საჩუქრად გადავეცი ჯინსის ქურთუკი ,რომელსაც ზურგზე დიზაინერული მიგნებით ქართული დროშის ემბლემას პეპელა აზის. მივართვი და ვუთხარი ,როცა გაიხდი ჯარის ტანსაცმელს და ამ ქურთუკს ჩაიცმევ , ამაყად შეგიძლია თქვა , სამშობლოს ზურგით ვატარებთქო.

სანამ უფრო ვრცლად ფოტოებით მოგიყვებით საღამოზე, გეტყვით იმას, რომ 14 თებერვალს ამ პორექტის ფარგლებში ლელა ნინუა რესტორან ,, გესტ ჰაუსში “ ეპატიჟება ყველა ემიგრანტს  საქართველოს მონატრების საღამოზე.

ახლა კი დაპირებული ფოტორეპორტაჟი.

 

 

 

 

Leave a Reply