ბლოგი

ანა მელუა

სტაჟიორი

,,ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ, დარდიმანდის ლხინში მნახე ვინა ვარ“ მთელი დილაა გრიგოლ ორბელიანის ეს სიტყვები გონებას გასდევს შორეულ მელოდიად. მონატრების ცეცხლი გულში ღვივდება და ვგრძნობ, რომ უნდა ვნახო. როგორც ყოველთვის სახლიდან გასვლისას დაკეტილ კარს სამჯერ ვამოწმებ და კიბეებზე ვეშვები. მიკვირს, როგორ შეიძლება ახლა ასეთი სხვა იყოს ის, რაც გუშინ უბრალოდ იყო.

პანდემიამდე, ორთაჭალის ქუჩებს მარტო მყოფიც კი სხვებთან ერთად მივუყვებოდი. ახლა ირგვლივ სიჩუმეა, აღარც მშვენიერებით აღტაცებული ტურისტების წამოძახილები ისმის და აღარც არავინ მთხოვს ფოტოს გადაღებას ნარიყალას ფონზე. ციხესიმაგრის ეზოში,წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მახლობლად მოფუსფუსე ხალხს შორის ახლა აღარ ჩანან ფოტოაპარატ მომარჯვებული, შარვლებზე თავსაფარმოხვეული  ღიმილიანი ქალები, აღარც ზურგჩანთებით დამძიმებული ტურისტები მხვდებიან გზად. ახლა აღმართ-დაღმართ სიჩუმე დათარეშობს, ამ სურათის შემყურეს ვერ გამიგია ეს ყველაფერი მომწონს, თუ მაშინებს. ფაქტი კი ერთია დიდებულ ნარიყალას მარტოობაც დამშვენებია.

გზა განვაგრძე.  უამრავჯერ ნანახ პეიზაჟებს ახლა სულ სხვა ელფერი დაჰკრავთ. მუდამ ხალხმრავალი მეიდანი ახლა დროში გაყინულ ადგილს დამსგავსებია. კაფე-ბარები ტურისტების ნაცვლად, სურვილებს მასპინძლობენ, დაბრუნების სურვილებს. აბანოთუბანსაც დაჰკარგვია ძველი სიხალისე. დაბინდდა, სახლისკენ გზას მივუყვები, სასტუმროებიდან სიცარიელის საზარელი ხმები გამოდის. მივდივარ და გონებაში უამრავი კითხვა მიჩნდება, რა მაკლია, რატომ მაკლია, რა მომწონს. კითხვებზე პასუხებს ისევ გარშემო ვპოულობ. ორთაჭალას ძველი სიხალასე დაჰკარგვია, ტურისტებთან ერთად ადგილობრივებიც მიმოიფანტნენ. მივხვდი მაკლია სიამაყის გრძნობა, რომელსაც განვიცდიდი ტურისტთა ანთებული თვალების ხილვისას. ურთიერთობები დამაკლდა, ურთიერთობა სუვენირების გამყიდველ ქალსა და ტურისტს შორის, რომელიც როგორღაც ცდილობდა მიენიშნებინა გამყიდველისთვის რომ არა შავ, არამედ წითელჩოხიანი ,,თოჯინა“ უნდოდა.

გზად რამდენიმე ბაღი და სკვერი გამოვიარე. ადრე თვალებით , თუ ცარიელ ადგილს ვეძებდი მოსასვენებლად, ახლა ადამიანებს ვეძებ. ვტკბები ამ სილამაზით და ვფიქრობ, თუ რა კარგია როცა შეგიძლია ეს ყველაფერი სხვას გაუზიარო, აჩვენო. აქა-იქ სკვერში მსხდომ ფიქრებით სხვაგან მყოფ მოხუცებს ვხედავ.

განიერ ქუჩას მივუყვები და ირგვლივ უჩვეულოდ არაქაოსური გარემოა. გზად 1-2 ნაბიჯაჩქარებული კაცი თუ მხვდება მხოლოდ. კომენდანტის საათი! –  ვფიქრობ და ნაბიჯს ვუჩქარებ.  სახლში ვარ, ნანახ კადრებს გონებაში ისევ თავიდან ვუყურებ და მხოლოდ ერთს ვფიქრობ… ორთაჭალის ბაღი ვნახე,  თქვენ ვერა…

 

Leave a Reply