ბლოგი

ანი გულბათაშვილი

სტაჟიორი

მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები მოიხსნა და პანდემია თითქოსდა ცოტათი ჩაცხრა, მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 3 დღეა განახლდა და ბავშვები სწავლის ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდნენ, თუმცა ოდნავ შეცვლილი რეგულაციებით.

სწავლა დაიწყო და ჟრიამულმა სოფელი გააცოცხლა, თითქოს იმედი გაათმაგდა, იმედი რომ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება.

ძალიან მომინდა სოფელში გასვლა, სიცივისგან ყოყებაწითლებული ბავშვების ნახვა, უბრალოდ დაძახება – გამარჯობა! ცხოვრება გრძელდება!

სახლის ეზოდან ფეხი გავდგი თუ არა დავიწყე ფიქრი, სად წავსულიყავი და რაზე მესაუბრა რეპორტაჟში. გადავწყვიტე, სკოლიდან სამარშუტო ტაქსით წამოსულ ბავშვებს დავხვედროდი და მათი ამბავი თქვენთვის მომეთხრო.

მივდივარ და ვფიქრობ, დროის დინებასთან ერთად ხომ ყველაფერი იცვლება, და მას შემდეგ,

რაც სკოლა  დავამთავრე ალბათ ბავშვები როგორ გაიზარდნენ მეთქი ამ ფიქრებისგან ჯერ ვერ გამორკვეული ვხედავ სოფელ ახალუბანში მცხოვრებ ქალბატონ, ციალას, რომელიც ბაღს ასუფთავებდა და გაზაფხულის მოსვლას ამით ეგებებეოდა.

ბავშვებს ჩემი დანახვა გაუკვირდათ, არ მელოდნენ. რომ ვუთხარი, ფოტო უნდა გადაგიღოთ მეთქი აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. გამეღიმა.

პატარებს კარანტინის შემდეგ ერთმანეთის ნახვა და თამაში აბედნიერებდათ, ასე ხდება მაშინ, როდესაც თვეები სახლში გამოკეტილი ხარ და გაკვეთილებზე კომპიუტერით შედიხარ. ყველაფერს შორდები, დისტანციურ სწავლასთან ერთად დისტანციურ ურთიერთობებს იწყებ და საკუთარ თავში იკეტები.

დისტანციურად ცხოვრებამ ნამდვილად შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრება. ზოგის ძალიან, ზოგის ნაკლებად, თუმცა მაინც ყველას და ყველაფერს დააჩნია კვალი.  ნელ-ნელა პატარებმაც, სკოლის მოსწავლეებმაც, გაიაზრეს ზრდასრულთა ხვედრი. პანდემიამ დაგვარწმუნა, რომ ცნობილი ბრენდის სლოგანი “გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს” მართლაც მნიშვნელოვანია. მეტიც, სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი. ამას ბავშვებიც კარგად ხვდებიან. შეზღუდვების გამო ეზოდან ეზოში მოცქირალი პატარები ახლა გაერთიანდნენ. ადრე თუ ნაკლებად უნდოდათ დილით გაღვიძება, ახლა ტოროლები გახდნენ. ისე შეიპყრო ბავშვთა სულები ყოველდღიური ურთიერთობების  სურვილმა, როგორც არასდროს.

ხანდახან კარგიცაა მოვწყდეთ  შეჩვეულ გარემოს და  გადავაფასოთ ბევრი რამ. ასე უფრო ვუგებთ გემოს ყოველდღიურობას. ამ პატარებისთვის სკოლის რუტინაც კი მხიარული გახდა.  ალბათ კიდევ დიდხანს არ მობეზრდებათ  სკოლაში სიარული და მძიმე ჩანთების ტარება. შეიძლება ყველაფერიც კი გაიღონ  ტომ სოიერის მსგავსი ისტორიების შესაგროვებლად ,რაც დისტანციურად წარმოუდგენელია.

თანდათან იშლებიან ბავშვები. იყოფა გზები, მაგრამ იმედი არ კვდება. იმედი იმისა, რომ ხვალ ისევ გზაჯვარედინზე შეხვდებიან ერთმანეთს,ერთად ითამაშებენ, ისწავლიან, გაერთობიან და უკანვე დაბრუნდებიან.

Leave a Reply