ანი გულბათაშვილი

სტაჟიორი

 19 წლის გოგა გოგალაძე, რომელიც შშმ პირია, თავისი მიღწევებით კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გოგა მკლავჭიდში საქართველო –  ევროპის ვიცე ჩემპიონი და  მსოფლიოს პრიზიორი გახდა

კოვიდ პანდემიის პერიოდში ადამიანთა ცხოვრების რიტმი და წესი მკვეთრად შეიცვალა. ამის ცალსახა მაგალითია ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, გოგა გოგლაძე, რომელიც დღეს ჩვენი რესპოდენტია.

-როდიდან დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით და რატომ?

– ამ სახეობის მიმართ პირველად ინტერესი გამიჩნდა 16 წლის ასაკში. დაინტერესებული ვიყავი ძალოსნური სპორტით, ისეთი როგორიცაა ძიუდო. თუმცაღა, ეს ყველაფერი არ გამოვიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაქვს სმენის პრობლემა. საბოლოოდ გადავწყვიტე მკლავჭიდში მეცადა სპორტული კარიერის მოწყობა.

-გაიხსენეთ, თქვენი პირველი გამარჯვება

– პირველი გამარჯვება ჩემთვის მართლაც, რომ მსოფლიოს პრიზიორიბაა. 17 წლის ვიყავი მაშინ, როდესაც მივიღე მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატში. ეს მოხდა თურქეთის ქალაქ – ანტალიაში.

-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

– წარმატების ფორმულა საქართველოს სახელის ქვეყნის გარეთ გატანაა. ეს რა თქმა უნდა, უფრო მეტ სტიმულსა და მოტივაციას მაძლევს. მოტივაციას იმისას, რომ ვიბრძოლო ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის და წვლილი შევიტანო სპორტის აღმშენებლობაში.

-მოგვიყევით თქვენი მიღწევების შესახებ

– როგორ ზემოთ ავღნიშნე, ჩემი პირველი მიღწევა 2018 წლის მსოფლიოს პრიზიორობა იყო. 2019 წელს გავხდი საქართველოს ვიცე ჩემპიონი როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავში. აგრეთვე საბერძნეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, იქაც როგორც მარცხენა ასევე, მარჯვენა მკლავშიც გავხდი ვიცე ჩემპიონი. იმავე წელსვე რუმინეთში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი სადაც დავიკავე საპრიზო ადგილი.

რა პრობლემებს აწყდებით საქართველოში, როგორც შშმ პირი?

– საქართველოში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო არ არის. შშმ პირები გამუდმებით არიან ბულინგის მსხვერპლნი. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჩვენთან კონტაქტს თავს არიდებს. სატელევიზიო გადაცემები არ არის გათვლილი სმენადაქვეითებულ პირებზე, ვგულისხმობ სურდოთარჯიმანს და სუბტიტრებს. აგრეთვე სახელმწიფოსგან ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარს. ამ პანდემიის პერიოდში ყველაფერი გაძვირდა და ფაქტოვრივად გადახდისუუნაროები აღმოვჩნდით.

-თუ გახსენდებათ შემთხვევა როდესაც  სმენის უქონლობას თქვენთვის შეუქმნია პრობლემა?

– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე როდესაც გავედი, ინგლისურის გამოცდაზე მოხდა ის, რომ ჩამირთეს მოსასმენი დავალება. მე კი მოგეხსენებათ, სმენის პრობლემა მაქვს და მიჭირს სიტყვების აღქმა, სწორედ ამის გამო, ინგლისურში ის შედეგი ვერ დავდე, რაც უნდა დამედო. ეს რა თქმა უნდა, გავასაჩივრე. გავასაჩივრე იმის გამო, რომ ჩემს მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ, სხვა შშმ პირები. გასაჩივრებამ შედეგიც გამოიღო. ამის შემდეგ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ ყველა შშმ პირთან გაივლიან კონსულტაციას.

-რამდენად მარტივია შშმ პირისათვის მსგავსი წარმატების მიღწევა?

– წარმატების მიღწევას არ გნაპირობებს არანაირი სტატუსი .წარმატების მისაღწევად საჭიროა უამრავი შრომა. თუმცაღა ნამდვილად გულდასწყვეტია ის ფაქტი, რომ საზოგადოება არ აფასებს  სპორტსმენების შრომას და ღვაწლს.

-რა წარმოადგენს თქვენთვის  მოცემულ პერიოდში ყველაზე დიდ სირთულეს?

ყვეელაზე დიდ სირთულეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ არაადაპტირებული გარემო წარმოადგენს, სმენადაქვეითებული სიტყვებს ბაგეების მოძრაობით აღვიქვამთ. თუმცა დღეს ყველაზე დიდ სირთულეს პირბადე წარმოადგენს, რომელიც სრულად ფარავს ბაგეებს, აქედან გამომდინარე გვსურს შემოვიტანოთ “გამჭირვალე ფარიანი პირბადეები” აქ კი, სახელმწიფოს მხარდაჭერა და გვერდში დგომაა საჭირო.

-როგორც შშმ პირი, რა ხელშეწყობით სარგებლობთ სახელმწიფოსგან მით უფრო მაშინ, როდესაც ხართ მსოფლიო ჩემპიონი

– გაგეცინებათ, მაგრამ უნდა ვთქვა, სპორტული მიღწევებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული მაქვს ყოველთვიური სტიპენდია 110  ლარის ოდენობით. რაც შეეხება სოციალურ მდარდაჭერას აქედან მერიცხება 100 ლარი.

-როგორც ვიცით, სწავლობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რატომ ეს პროფესია და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, როგორც სპორტში, ასევე, ამ სპეციალობის მიმართულებით

– ჩემთვის ამ ფაკულტეტზე სწავლა დიდი სტიმული და მოტივაციაა. მოტივაცია იმისა, რომ შევცვალო არაადაპტირებული გარემო – ადაპტირებულით. შშმ პირი, ისევე როგორც სხვა ადამიანები, უნდა იყვნენ თანასწორნი. თანასწორნი, პირველ რიგში უფლებებით. არ უნდა ილახებოდეს შშმ პირების პირიდ უფლებები. ჩვენც გვაქვს საქართველოში იმის უფლება, რომ თავისუფლად შევძლოთ თავის დამკვიდრება. მივიღოთ მონაწილეობა როგორც საპარლამენტო ასევე საზოგადოებრივ საკითხებში.

-პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენს საქმიანობაზე და წააწყდით თუ არა ამ მხრივ რაიმე სახის სირთულეს?

-ხშირად, როდესაც მივდივართ საჯარო სამსახურში, ბანკში ან საავადმყოფოში კონკრეტული მომსახურებისთვის, ვერ ვიღებთ საჭირო ინფორმაციას, ვინაიდან ჩვენთვის გაუგებარია უხილავ პირბადეში წარმოთქმული დაუნახავი სიტყვები. სწორედ ამ პრობლემებმა გააჩინა იმის აუცილებლობა, რომ საქართველოში მოხდეს გამჭვირვალე პლასტიკის პირბადეების გამოყენება, რათა ჩვენთვის გასაგები და ადვილად აღქმადი გახდეს ესა თუ ის ინფორმაცია. პანდემიის დროს ასევე სირთულეები წარმოიშვა იმ მხრივაც, რომ საზიანო დარტყმა მიადგა სპორტს. სპორტდარბაზები არ ფუნქციონირებს და ვერ ვახერხებთ სათანადოდ მომზადებას. უკვე წლებია, რაც ჩვენი ნაკრები გუნდურ პირველობას იღებს, თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა, სამეულში შესვლაც სანატრელი გაგვიხდეს.

-რას ურჩევდით სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ წარმატების მიღწევა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება?

– წარმატების მისაღწევად პირველ რიგში საჭირო მიზნის დასახვაა. შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა, დიდი შრომა და წვალება. თუ ყველაფერ ამას პირნათლად შეასრულებ, დასახულ მიზანსაც აუცილებლად მიაღწევ!

Leave a Reply