ლუკა მაისურაძე

სტაჟიორი

რა ფაქტორები განსაზღვრავს ლარის კურსის გაუფასურებას, როგორია ექსპერტების აზრი და არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ვალუტა სანდო? რას გულისხმობს მულტისავალუტო რეჟიმი და არის თუ არა ის გამოსავალი? რა ფაქტორები მოქმედებს სურსათისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ზრდაზე და რისთვის უნდა მოვემზადოთ, კიდევ რა რისკფაქტორებია გასათვალისწინებელი და რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ?

ამ და სხვა კითხვებით ჩვენ ეკონომისტს ნოდარ სირბილაძეს დავუკავშირდით.

 –რომელი ქვეყნის ეკონომიკას შეადარებდი საქართველოს ეკონომიკას?

სპეციფიკით რასაკვირველია ყველა ქვეყანა განსხვავდება. სტრუქტურით შეგვიძლია შევადაროთ ესტონეთს, თუმცა ესტონეთი ჩვენზე ბევრად წინაა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლისას ესტონეთმა სწორი ეკონომიკური რეფორმები გაატარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფაქტობრივად ჩვენ და ესტონეთი იდენტური ვიყავით, რადგან არ ვიცოდით როგორ გადავსულიყავით საბაზრო ეკონომიკის რელსებზე. საერთო ჯამში საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, როგორც რეგიონში სხვა ქვეყნები. რეგულაციებით და რეფორმებით ჩილეც ახლოსაა საქართველოს ეკონომიკასთან.

-საქართვლოს ახლანდელ რეალობაში გვაქვს ლარის კურსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ვინაიდან საქართველოს ძირითადი ეკონომიკა ემყარებოდა ტურიზმს, კორონა პანდემიის გამო, ვეღარ ხერხდება ტურისტული ნაკადების შემოყვანა ქვეყანაში. გარდა ტურისტული ნაკადების შემცირებისა, რამ გამოიწვია ლარის კურსის მაჩვენებლის ზრდა?

ლარის კურსის გაუფასურებას განსაზღვრავს რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი. თუ ტურისტები არ შემოვლენ ქვეყანაში, ნიშნავს რომ ქვეყანაში დოლარი აღარ შემოდის. ამას ვაბრალებთ ლარის მკვეთრ გაუფასურებას. აქ არის მეორე მხარეც. წინა წლებშიც უფასურდებოდა ლარი. 2019 წელს მიმდინარე ბალანსი ვალუტებს შორის გვქონდა უკეთეს მდგომარეობაში. ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში მეტი დოლარი დარჩა, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა.
შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, მხოლოდ ტურიზმის შემცირებაა ლარის გაუფასურების მიზეზი. სინამდვილეში ლარის გაუფასურება ჩვენი არასწორი პოლიტიკის ბრალიც არის. ფულის ინფლაციის შესახებ არასწორ პოლიტიკაზე საუბრისას, შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ ეროვნული ბანი. ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში ფუნდამენტურად მცდარ პოლიტიკას ატარებს, რასაც მივყავართ რეალობამდე – ლარი როცა ძვირდება ჩვენი კეთილდღეობა მცირდება. კერძოდ, ეროვნული ბანკი წლებია ფულის მასას ზრდის ეკონომიკაში. ეკონომიკა თუ იზრდება 5% -ით, ეროვნული ბანკი 5%-ით მეტ ფულს უშვებს ბრუნვაში. შედეგად ერთ მხარეს გვაქვს ფულის გაზრდილი რაოდენობა, მეორე მხარეს კი დოლარი. როცა ფულის მასა იზრდება და დოლარის ოდენობა იგივე რჩება, დოლარი ძვირდება.
ეროვნული ბანკის აზრით ფულის მასის ზრდა არ იწვევს არც ინფლაციას და არც ლარის კურსის ზრდას, თუმცა რეალობა სხვა რამეზე მიგვითითებს.
ლარის გაუფასურებას ასევე იწვევს მოლოდინები. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს თუ რა ვალუტა იქნება ხვალ სანდო. ასეთი ვალუტაა დოლარი. ხალხი არ ენდობა ლარს და ყიდულობენ ლარით დოლარს. მოთხოვნის გაზრდა დოლარზე, ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას. ლარი იმდენად არასტაბილური ვალუტაა, რომ ხალხს მისი ნდობა არ აქვს. ამაში ბრალი მიუძღვის ეროვნულ ბანკს, რომელიც ატარებს ხელოვნური ლარიზაციის პროცესს, რასაც რელევანტური შედეგი არ მოჰყოლია. ყველაფერთან ერთად მთავარი პრობლემა საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებებია. მათ შეუძლიათ გამოუშვან განუსაზღვრელი ოდენობის ფული.

-ჩვენი კეთილდღეობისათვის, საქართველოს მაგალითზე ლარის რა ალტერნატივა იქნება უკეთესი ?

არის ექსპერტების კატეგორია რომელთაც ვეთანხმები. ქვეყანა უნდა გადავიდეს მულტისავალუტო რეჟიმზე.
მულტისავალუტო რეჟიმი გულისხმობს, რომ ადამიანებმა მათი ეკონომიკური საქმიანობა და ტრანზაქციები აწარმოოს იმ ვალუტაში, რომელსაც თავად აირჩევენ.
ეს გამოიწვევს ვალუტებს შორის კონკურენციას. როდესაც ეროვნული ბანკი შევა სხვა ვალუტებთან კონკურენციაში, ეროვნულ ბაკს მოუწევს უფრო ჭკვიანური პოლიტიკის გატარება. კონკურენცია არის ის გასაღები, რომლითაც ხალხის კეთილდღეობა იზრდება.
შესაბამისად, კონკურენციის საფუძველზე აღარ მოხდება ფულის ჭარბად ბეჭდვა.
არგუმენტი, რომ მულტისავალუტო რეჟიმი ჩვენთვის არ არის კარგი, რადგან ფინანსურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, არის ფიქცია, რადგან მულტისავალუტო რეჟიმის დროს გვექნება იმდენი ფული, რამდენსაც გამოვიმუშავებთ.

-თუ შესაძლებელია რომ კონკურენციის გაწევის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ისეთი ქმედებები რაც ლარის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. რატომ არის ხსენებული პოლიტიკის გასატარებლად აუცილებელი კონკურენცია?

ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. ხსენებული პოლიტიკა არ ტარდება, რადგან მთავრობას შედეგად აკლდება უდიდესი ძალა. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში იქნება კრიზისი ან ხალხის უკმაყოფილება, ძალიან მარტივია გაზარდო ფულის მასა და შექმნა მოკლე ვადიანი პერიოდი, რომ ვითომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს გრძელვადიან პერიოდში ფულის ინფლაციაზე ახდენს გავლენას. მთავრობას ურჩევნია მოკლევადიან პერიოდში ფულის მასა უაზროდ ზარდოს. ეს არის მისთვის დიდი ძალა და ლოგიკურია,  რომ მათ არ უნდათ ამ ძალის დაკარგვა. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში წრიულად დავდივართ.

-გარდა ლარის კურსის გაუფასურებისა, ახდენს თუ არა რაიმე სხვა ფაქტორი სურსათისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ზრდაზე?

გარდა ლარის გაუფასურებისა, სხვა ფაქტორებიც ახდნენ ფასების ცვლილებებზე გავლენას, მაგალითად საერთაშორისო მასშტაბით სურსათზე ფასების ზრდა. FAO -ს ფასების ინდექსის მიხედვით გაძვირებულია სხვადასხვა აუცილებელი პროდუქტი: ხორცი, რძე, ყველი და ა.შ. ამასთან ერთად შიდა წარმოება არ გვაქვს, რომ პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვის შემდეგ, გარე შოკები ავიცილოთ თავიდან.

-დღევანდელი სიტუაციის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, რისთვის უნდა მოვემზადოთ? რა რისკფაქტორებია გასათვალისწინებელი და საფრთხეებია მოსალოდნელი? დაახლოებით Რა დრო იქნება საჭირო მინიმუმ პანდემიამდე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის აღსადგენად?

თუ კიდევ ჩავიკეტებით და რეგულაციებით გავაჩერებთ ეკონომიკას, შედეგად მივიღებთ  ბიზნეს აქტივობის შემცირებასა და უმუშევრობის კიდევ უფრო მეტად ზრდას, რაც რელურად შიმშილს ნიშნავს. წელს ჩვენი ეკონომიკა ვერ აღდგება. წელს მაქსიმალური პროგნოზი ეკონომიკის ზრდის არის 5-5.5%. აღსანიშნავია, რომ წინა წელს 6.1%-ით შემცირდა. საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ტურისტები შემოვიდნენ ქვეყანაში და ბიზნესმა განაგრძოს საქმიანობა. ასევე დასაწყებია პრივატიზაციის პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება სტაბილურად დაბალი ეკონომიკური ზრდა და ათწლეულები დაგვჭირდება იმისათვის, რათა ევროპის რომელიმე ქვეყნის განვითარების დონეს დავეწიოთ.

 

 

 

Leave a Reply