“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ არც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, არც მასთან ასოცირებული არცერთი პირი, მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გირაოს ანგარიშზე თანხა აისახა, ამას კავშირი ექნება არა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არამედ “ქართულ ოცნებასთან.”

“ვფიქრობ, ახლა ხელისუფლება არის დიდი საგონებელში ჩავარდნილი – რა ქნას, და ეძებენ გამოსავალს. სულ საათებია დარჩენილი ამ გამოსავლის პოვნამდე.

რა მნიშვნელობა აქვს, დღეს გადაიხდის თუ ზეგ გადაიხდის ვიღაცა თანხას, ეს იქნება პირდაპირ პროკურატურისგან წამოსული ფული, რომელიც ჩაირიცხება შესაბამის ანგარიშზე და მას არანაირი კავშირი არ ექნება ნიკა მელიასთან,”-განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.

​”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ თუკი ნიკა მელიას გირაოს ანგარიშზე რამე თანხა ჩაირიცხება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი თავის გადასარჩენად ჩარიცხული თანხა.

“არც ნიკა მელია არც მისი არცერთი კეთილისმსურველი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის საამებლად და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შემდგომ დანგრევას. ამიტომ, არცერთი კეთილისმსურველი ნიკა მელიასი, ან მასთან ასოცირებული ადამიანი ამას არ გააკეთებს. თუკი რამე თანხა ჩაირიცხება, ეს იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი თავის გადასარჩენად ჩარიცხული თანხა, დრო ეწურება ბიძინა ივანიშვილს და არა ნიკა მელიას,”-განაცხადა მან.

გადაიხდის მელია გირაოს თუ გააგრძელებს პოლიტიკურ ხულიგნობას, მისი გადასაწყვეტია

Leave a Reply