დაგინახეთ ბატონო ბიძინა, კუდი აშკარად ჩანს, რომელსაც „ჰაკიმ ფაშა“ ჰქვია, ამიტომ, ახლა გამოყავით თავი და იგრძენით პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

ბარამიძე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ წარდგენას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ღარიბაშვილს, ზიზღით და ოპონენტის განადგურების სურვილით სავსე ადამიანს, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მოგახსენეთ. ამიტომ, მისი ცვლილებები ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ნაკლებად გვაინტერესებს. მან უნდა იცოდეს, რომ არ გამოუვიდა ეს მორიგი „ტრიუკი“, სოროში ღრმად შეძრომა. დაგინახეთ ბატონო ბიძინა, კუდი აშკარად ჩანს, რომელსაც „ჰაკიმ ფაშა“ ჰქვია, ამიტომ, ახლა გამოყავით თავი და იგრძენით პასუხისმგებლობა, რადგანაც ძალიან მძიმე დღეში ჩავარდებით იმ პასუხისმგებლობის გამო, რაც პირადად თქვენ გაკისრიათ ამ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი, მოითხოვს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, თუნდაც თქვენ ეს პასუხისმგებლობა საერთოდ არ იცოდეთ, რა არის, ახლა უკვე უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ძალიან სერიოზულად დაზარალდება თქვენი ინტერესები, როგორც ფინანსური, ისე სხვა ინტერესები.

წარსდგებით პასუხისგების წინაშე, თუ არ დაემორჩილებით ქართველი ხალხის ნებას და თუ ყურად არ იღებთ ჩვენი ყველა მეგობრის რჩევას. რჩევას იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს დიალოგი და არ იყოს ძალმომრეობა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

Leave a Reply