უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, მუშაობას განაახლებს საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გარემო. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გარდა ამისა, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაიწყება აღმზრდელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 20%-ის სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, 1-ლი მარტიდან ნაწილობრივ აღდგება სასწავლო პროცესი. კერძოდ, კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების, ასევე, შიდა გამოცდების ჩატარება არადისტანციურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი, ხოლო 15 მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდება აუდიტორიებში, სადაც სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო სასწავლო გარემო. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის აუდიტორიაში დაბრუნების ან დისტანციურად გაგრძელების შესახებ სამინისტროსთან შეთანხმებით უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ინდივიდუალურად მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით. სამინისტრო განახორციელებს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის სისტემატურ მონიტორინგს, ვინაიდან ხარისხიან განათლებასთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და სტუდენტთა უსაფრთხოების დაცვა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით, საქართველოს მასშტაბით, ამუშავდება მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ასევე, რეგულაციების სრული დაცვით 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სკოლებთან არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეები.

რაც შეეხება თეატრებს, პროფესიულ ანსამბლებსა და სპორტულ კლუბებს, აქაც პროცესი 2 ეტაპადაა დაყოფილი, 15 მარტიდან სარეპეტიციო პროცესს განაახლებენ თეატრები და პროფესიული ანსამბლები, ხოლო საწვრთნელ პროცესს – სპორტული კლუბები. საქმიანობის სრულად აღდგენა, კერძოდ, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება მაყურებლის დასწრებით, დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შესაძლებელი იქნება 1-ლი აპრილიდან.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ უწყებათაშორის საბჭოზე. კიდევ ერთხელ მინდა გამოვაცხადო, ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროტოკოლი იყოს ზედმიწევნით დაცული და ეს ასეც იქნება.

ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბაღებთან დაკავშირებით. ეს შეეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სრულად აღადგენენ 1-ლ მარტს. აქ განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20% გაივლის სავალდებულო ტესტირებას, ზუსტად ისევე, როგორც ეს უკვე გვაქვს სკოლის  მასწავლებლებისთვის.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებს, აქ 2 ეტაპად  გვაქვს გაყოფილი პროცესი, კერძოდ, 1-ლი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს უფლება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენთან შეთანხმებით უკვე ინდივიდუალურად მიიღებენ უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, ანუ საქმიანობის სრულად აღდგენას, უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებს უფლებამოსილება ენიჭებათ, აკადემიური პროცესის დანარჩენი ნაწილი, ანუ ლექციები აუდიტორიებში განაახლონ უკვე 15 მარტიდან. აქაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ნებაყოფლობითი, კონკრეტულ გადაწყვეტილებს უნივერსიტეტები და კოლეჯები ჩვენთან შეთანხმებით თავად მიიღებენ.

რაც შეეხება სასკოლო სახელოვნებო წრეებს – პროცესი სრულად აღდგება 15 მარტს.

ასევე, მნიშვნელოვანია მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საქმიანობის აღდგენა,  რომელიც  1-ლ მარტს, სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განახლდება.

რაც შეეხება თეატრებს, სპორტულ კლუბებს, პროფესიულ ანსამბლებს, აქაც პროცესი 2 ეტაპადაა დაყოფილი, 1-ლი ეტაპი, რომელიც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს, დაიწყება 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც გულისხმობს, თეატრალურ წარმოდგენებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, უკვე მაყურებლების დასწრებით, აღდგება 1-ლი აპრილიდან.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, იმისათვის რომ ჩვენ ეს გეგმა შევასრულოთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი“.

Leave a Reply