1942 წლის 11 მარტს დაიბადა ალექსანდრე ბასილაია.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის  სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი) 1967 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა  საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან იყო ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის “ივერიის” ხელმძღვანელი და სოლისტი, მუშაობდა საესტრადო ჟანრში. არის მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორი. “თეთრი ფიფქები” (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), “მოგონებანი”(კ. კვეიძის ლექსზე), “სიყვარულის ზღაპარი”, “გულო, ჩადექ საგულესა”, “ახალგაზრდული” (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), “სიმღერა საქართველოზე” ( ნ. მალაზონიას ლექსზე) და სხვ. ანსამბლ “ივერიისათვის” დაწერა მიუზიკლები: “ჩხიკვთა ქორწილი”(1979), “არგონავტები” (1980), “შლაგერი, შლაგერი” (1985), “თოვლის ბებოს ზღაპარი” (1986), “ფიროსმანი” და სხვ. ამავე ანსამბლისთვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნებში(პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია). 2017 წელს სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში ერთერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი, ქ. ტყიბულში 2017 წლის აგვისტოში გაიხსნა მისი სახელობის სკვერი.

Leave a Reply