საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის პოლონელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. პოლკოვნიკმა პიოტრ პავლიცამ უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისთვის ოთხი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მიიღო. პოლონელმა ექსპერტმა SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლონეთის მხარდაჭერა ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონსა (NMMPB) და ქართულ მხარეს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით, რომელსაც ხელი 2020 წელს მოეწერა.  ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეული NMMPB-ის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა პოლონეთის მხარის კონტრიბუცია სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სპეციალიზირებული ტრენინგების უზრუნველყოფასა და ნატოს ნდობის ფონდის (NATO Defence Capacity Building Trust Fund) ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემაში.

პოლონელი ექსპერტის დაჯილდოების ცერემონიალს პოლონეთის სამხედრო ატაშე, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი, SNGP-ის ინიციატივის ლიდერები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Leave a Reply