საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – “ბიბლიური თავისუფლების” ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, უნდა მიმართონ მღვდლებს, დაარწმუნონ, რომ მათი სინანული გულწრფელია, შემდეგ, ხელი მოაწერონ, ე.წ. სინანულის ფურცელს, ამის შემდეგ მღვდელი გასცემს კიდევ ერთ დოკუმენტს, ხელმოწერით და ბეჭდით, რომელსაც ჰქვია შენდობის ფურცელი და რომელიც ეპისკოპოსს წარედგინება.

ამ პროცედურების გავლის შემდეგ, ეკლესია ნებას მისცემს “ბიბლიური თავისუფლების” ყოფილ წევრებს დაუბრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს, როგორც ეს ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო “გირჩის” რელიგიური ორგანიზაციის წევრებს “სინანულის ფურცელს” სთავაზობს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, “სინანულის ფურცლები” ფორმალური მხარეა და არის ახსნა იმისა, რომ აღნიშნული ქმედება კეთდება სიყვარულით.

“ეს ფურცლები ფორმალური მხარეა, დადასტურება იმისი, რაც სულიერ ნაწილში უნდა მოხდეს. ეს არის ახსნა-განმარტება იმისი, რომ შენ, ჩემო კარგო, ჩემო შვილო – შეცდი, აი გიხსნი როგორ შეცდი და გაძლევ საშუალებას თუ როგორ შემოგვიერთდე კვლავ და დაგვიბრუნდე. იმიტომ, რომ ეს კეთდება სიყვარულით, გვიყვარს ეს ხალხი და გვინდა, რომ ეს ადამიანები არ მოაკლდნენ იმ სიკეთეს, რაც საღვთო მადლის მიხედვით ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს თავის სულში,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამ შეთავაზებას გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმიანება.

“სად ქრისტიანობა და სად რაღაცა ფურცლებით სირბილი. ჩემი აზრით უბრალოდ ახალი გზა თუ არხი გაჭრეს იმისათვის, რომ დამატებითი ფინანსები მოიძიონ, ანუ ფულს იშოვიან მაგაზე, ისე როგორც ნათლობაზე, ქორწინებაზე და ა.შ. ფულს იღებენ. ამ საბუთის გაცემაში გამოართმევენ ფულს,” – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, მსგავსი ფურცლებით “სირბილი” ქრისტიანობისგან შორსაა და ეს გზა საპატრიარქომ დამატებითი ფინანსების გამომუშავების მიზნით წამოაყენა.

Leave a Reply