ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა არ შეაჩერონ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, ჯანმო მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გაასაჯაროებს.

ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დღეს იმსჯელებენ. ვაქცინის გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო შეაჩერა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ პაციენტს თრომბი განუვითარდა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ფატალური შემთხვევები ვაქცინით იყო გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Leave a Reply