ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით გამართულ მოლაპარაკებაზე საუბარი იყო იმაზე, რომ მუნიციპალური არჩევნები შეიძლება გამოგვეყენებინა ერთგვარ საზომად, რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ თითოეული პარტიის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ეს შეიძლება გაკეთდეს შეთანხმების გარეშეც, რადგან რამდენიმე თვეში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. ყველამ კარგად იცის, რომ ამ არჩევნების პროპორციული ნაწილი მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერაა ზოგადად, პოლიტიკური პარტიების მიმართ. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავიმეორებთ სულ მცირე იმ შედეგს, რაც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია არის ძალიან ძლიერი და მყარი, რასაც საფუძვლად უდევს ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ.

Leave a Reply