თამარ მეარაყიშვილი
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები
-1 წელი და 6 თვეა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს ჩვენი რაიონის მცხოვრებლებს. მე- 3 წელი და 6 თვე. ჩაკეტილი გზის გამო განახევრდა რაიონის ქართულ ნაწილში მცხოვრებთა რაოდენობა. მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოსახლეობის დაცვისთვის არ გადაუდგამს. ეს შეეხება მძიმე ავადმყოფის თბილისში ჰოსპიტალიზაციას, გარდაცვლილების გადასვენებას, დაკრძალვაზე დასწრების ნებართვას, მძიმე ავადმყოფებისთვის წამლის მოწოდებას, გაჭირვებულებისთვის საკვებით ან თანხით უზრუნველყოფას. როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს? ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებდით. ნებისმიერი ცვლილება ადგილობრივების აქტიურობის დამსახურებაა.
ამის პარალელურად- წლებია საქართველოს ხელისუფლებას ჩვენთან “კარმუშკები” აქვთ შექმნილი და ჩვენს ტანჯვაზე პირადი კეთილდღეობა აწყობილი. ერთ- ერთი ასეთი შ.პ.ს. “ახალგორის საავადმყოფო” ა. ხელმძღვანელობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მშვიდად, უდარდელად… მხოლოდ თვის ბოლოს უწევთ “შეწუხება”, როცა ბიუჯეტის თანხები ხელფასებად უნდა დაირიცხონ, სხვა ხარჯების მითვისება კი- ახალგორში მცხოვრებ დატანჯულ ხალხზე ზრუნვად.
ზუსტად 3 თვეა ვცდილობდი, ყველა კანონიერი საშუალება გამოვიყენე მიმეღო საჯარო ინფორმაცია რითი შემიძლია ვისარგებლო მე, ერთმა ადამიანმა ადგილზე ჯანდაცვის მომსახურეობით. ასევე მაინტერესებდა საჯარო ინფორმაცია ხარჯების შესახებ, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ახალგორელებისთვის გამოყოფილ თანხებს ერთმანეთში ინაწილებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა(ერთი ოჯახის წევრებია) და მათი მფარველები ჯანდაცვის სამინისტროდან. წერილებში, შეტყობინებებში ვუთითებდი ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, თუმცა პასუხი არავინ მომცა.
გასულ კვირას აღნიშნულ საკითხზე პირადად ვაცნობე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიას. თავიდან მოსაცილებელი- “დავინტერესდებით” , ესეც კი არ მომწერა.
მე ყველა საშუალებას მივმართე მიმეღო ინფორმაცია და შემდეგ მესარგებლა უფასო სამედიცინო დახმარებით თუ მედიკამენტებით(თუ აქვთ ასეთი დახმარება) , თუმცა ეს მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი.
ამიტომ, ხელებს ვერ ჩავიქნევ- ამას ელოდება ხელისუფლება, მომავალი ორშაბათიდან ვიწყებ შიმშილობას მოთხოვნით- შესაბამისმა უწყებებმა გასცენ პასუხი ჩემგან მიღებულ წერილებს და ასევე დაასრულონ კორუფცია შ.პ.ს “ახალგორის საავადმყოფო” ში.
ხვალ მორიგი სასამართლო სხდომა მაქვს ცხინვალში, სადაც 3 ს/ს ბრალდებით მასამართლებენ სამოქალაქო აქტივიზმისთვის.

Leave a Reply