საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

2021 წლის 26 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების ხელყოფაში. ქართველმა მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დეტალებზე, სადაც ხაზგასმულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის შენარჩუნება.

მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში. ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის – მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების  ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების უმძიმეს მდგომარეობაზე. აღინიშნა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხების შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგები და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სამედიცინო მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა დასვეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის – თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და
ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებისა და რუსიფიკაციის გააქტიურებულ მცდელობებზე.

აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.

მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებაზე. აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობაზე, რაც ამავდროულად 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

ვრცელი საუბარი შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) რეგულარულად და გამართულად ფუნქციონირების საჭიროებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობას.

აქტიური დისკუსია გაიმართა დღის წესრიგის მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით. ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანდა ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხს და მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსება.

აქტიური აზრთა გაცვლა გაიმართა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

Leave a Reply