საქართველო დღეს მსოფლიო კამპანია „დედამიწის საათს“ შეუერთდება.

„დედამიწის საათის“ ისტორია 2007 წლიდან იწყება, როდესაც მოძრაობის ფარგლებში, სიდნეიში სინათლე ჩააქრეს. დროთა განმავლობაში, დედამიწის საათი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა, რომელსაც უკვე 190-ზე მეტი ქვეყანა უერთდება.

Covid-19-ის შეზღუდვების გამო, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი 2021 წლის „დედამიწის საათს“ დისტანციურ რეჟიმში შეხვდება. გლობალური მოძრაობა თბილისის დროით 20:30 საათზე, მილიონობით ადამიანს მოუყრის თავს ვირტუალურ სივრცეში და კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოში „დედამიწის საათისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, WWF, CENN, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, Marketer, National Geographic Magazine – საქართველო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

„დედამიწის საათისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, ბუნების გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ მოწვეულ სპიკერებს და გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია ბუნების მნიშვნელობასა და არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რომლის დაძლევაშიც წვლილის შეტანა თითოეულ ადამიანის შეუძლია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეოს პრემიერა.

წელს ჩვენი ამოცანაა ვირტუალური მობილიზება დედამიწის საათისთვის. ამ ვიდეოს და ინფორმაციის გაზიარებით, ჩვენ შეგვიძლია ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ ჩვენი პლანეტა და ხელი შევუწყოთ ცვლილებებისთვის საჭირო იმპულსების შექმნას.

დღეისათვის „დედამიწის საათის“ მნიშვნელობა უკვე სცდება სიმბოლურად ერთი საათით სინათლის ჩაქრობას და უფრო მეტად გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლების დატვირთვას იძენს და ასევე, ჩვენი პლანეტის დასაცავად გვაერთიანებს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

Leave a Reply