ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია სავალდებულო არ იქნება.

მინისტრის თქმით, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც შეძლებენ ვაქცინაციის ჩატარებას.

“მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც შეძლებენ ვაქცინაციის ჩატარებას.

მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ადამიანები გაივლიან. სქემა დამატებითი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით იქნება იგივე, რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ექიმი და ის რისკჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია კოვიდ-ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაციაც წარიმართება იგივე სქემით. სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე და სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში ისინი გაივლიან რეგისტრაციას და შესაბამისად ჩაიტარებენ ვაქცინაციას.

ჩვენ ვიცით დაახლოებით იმ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათთვის გამოყოფილი გვაქვს საჭირო დოზა, დაახლოებით 500 დოზამდე იქნება სამედიცინო პერსონალისთვის. ამასთან, პენსიონრების კუთხითაც მკაფიოა საბჭოს ხედვა,” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

Leave a Reply