1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 კაცი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გახლდათ.

ყველაფერი ასე დაიწყო: აფხაზეთში “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” მიტინგებს ატარებდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ (მიტინგი ანტიაფხაზური კი არა, ანტიიმპერიალისტური იყო) . 1989 წლის 2 აპრილს ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა.

4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო, როცა სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სტუდენტების მიტინგი გაიმართა. მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას მოითხოვდნენ. ამავე საღამოს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კიდევ ერთი მიტინგი მოეწყო. გადაწყდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ, საქართველოში დროებითი მთავრობა შექმნილიყო და ავტონომიურო ფორმირებები გაუქმებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეთა უმრავლესობა მთავრობის სახლისაკენ გაემართა. შედგა ახალი მიტინგი, რომელიც მეორე დილის 5 საათისათვის დამთავრდა, როცა ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.

5 აპრილს აფხაზეთის პრობლემატიკამ მომიტინგეთათვის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ორატორთა გამოსვლებში აქცენტი სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნაზე გაკეთდა. ეროვნული მოძრაობის რადიკალურმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებოდა. მომიტინგეებს თანდათან სხვადასხვა საწარმოებისა და სასწავლებლების წარმომადგენლები უერთდებოდნენ. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც შენობებში მასწავლებლებსა და სტუდენტებს არ უშვებდნენ და გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. გამოცხადდა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა მოთხოვნა, საქართველო სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსულიყო, საყოველთაო-ეროვნული გაფიცვა და მასობრივი შიმშილობა დაიწყებოდა.

7 აპრილისათვის მთავრობის სახლის წინ უკვე საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ.

მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა.

8 აპრილსვე დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. ლიდერები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, არ წასულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ. მათ ყურად არ იღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის – ილია მეორის მოწოდება სასწრაფოდ დაშლის შესახებ…

Leave a Reply