ნამოხვანში სამართალდამცველებმა კარვების დაშლა დაიწყეს – ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუმცა პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პოლიცია მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს. უწყების განცხადებით, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება. მოსალოდნელია წყლის დონის მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უწყებამ გადაწყვიტა საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

“სადაც ჩვენი კარვები დგას რიონი იქ არ შემოსულა რამდენიმე ათწლეულია. არ ვიცი რა კვლევებით სარგებლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო როცა ამბობს, რომ რიონის დონემ აიწია იქამდე, რომ შეიძლება ჩვენი კარვები წალეკოს.

წყლის დონის მომატება არის აბსოლუტურად მოგონილი პროცესი, ეს არის ყანა ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლის, რომელიც არის სახნავ-სათესი მიწა. იქ არასდროს წყალი რიონიდან არ შემოსულა. ყველა ვხედავთ რიონს, რომ დღეს რამე განსაკუთრებული არ ხდება და ეს არის მოგონილი და უბრალოდ საბაბი იმისთვის, რომ კარვები დაგვიშალონ.

რაც შეეხება ჩვენს პროტესტს თუ როგორ გავაგრძელებთ მას, რა თქმა უნდა ყველანი მოვდივართ აქ და ვდგებით, სადაც გადაგვიკეტავენ ამ გზას – იქ დავდგებით,” – აცხადებს მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

Leave a Reply