ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განვითარებას იწყებს.

მისი განმარტებით, რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს.

„პროგრამა გულისხმობს მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ყველა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების, კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს და ის პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს.

„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply