ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კლაუდიო გრაციანო ხელმძღვანელობდა.

თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მოთხოვნებზე იმსჯელეს. პირველმა სამხედრო პირებმა ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციის საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნების პირველი სამხედრო პირები, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, მოლდოვადან და სამხრეთ კორეადან.

Leave a Reply