პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის საპასუხოდ განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ კანონის განხილვის სამართლებრივი და ფიზიკური სივრცე  საქართველოს პარლამენტია.

„2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიზუსტით არის ასახული ამომრჩევლის რაოდენობა და საარჩევნო სიები, რომელიც ამავდროულად დასურათებულია. კარუსელი, რომელიც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მსუყე მექანიზმი იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების პერიოდში, დამატებითი სიები 2012 წლის შემდეგ საერთოდ აღარ არსებობს. ასე, რომ ეს არის ახლა მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანა და დაბნეულობის გამოწვევისთვის მათი მდიდარი გამოცდილებიდან აღებული ერთ-ერთი არგუმენტი.

რაც შეეხება ბლოკების საკითხს, ჩვენ ფაქტობრივად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ. პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს სწორედ იმას, რომ თითოეული პარტია თავისი საარჩევნო სიით უნდა წარდგეს და შემდეგ პარლამენტში მიღებული ხმებიდან გამომდინარე, თუ ამის საკმარისი მანდატი აქვს, პარტია დამოუკიდებლად აყალიბებს მთავრობას. ამის საკმარისი მანდატი თუ არ აქვს, იწყებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებას, ანუ პარლამენტში იწყებს სამთავრობო ბლოკის, კოალიციის ჩამოყალიბებას. ის არგუმენტიც, რომელიც პარლამენტში ჯერ არ შემოსულ პოლიტიკურ ძალას გააჩნია, უკვე ძალიან მოძველებულია“ -აცხადებს ის.

Leave a Reply