საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტი მიუღებელია.

„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშნებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და მისი აშენება თვეებია, არ ხდება, როცა პრემიერმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ხელშეკრულების ექსპერტიზა ჩატარდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს პროექტი? ეს დამოკიდებულება მიუღებელია ისევე, როგორც ულტიმატუმებით საუბარი. ეს არ არის ფორმა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.“- თქვა მან

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში შედის ქვეყნის ენერგოდამოკიდებულების ხარისხის გაზრდა.

„ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი – მეტი საჯარო განმარტება უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგო სისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, ეს პროტესტი რას ემსახურება და მიმართული არის თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

Leave a Reply