რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი!
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხალხის მორიგი იმედგაცრუების მომსწრე გავხდით. ვინაიდან რიონის ხეობა მთელი საქართველოს საკუთრებაა და უთქმელობით შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დაშავდეს, სათქმელი უნდა ითქვას! ოღონდ არა ლანძღვითა და გაკიცხვით, არამედ მხილება–შეგონებით, რომ სამომავლოდ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ, ხალხის იმედები არ გავაწბილოთ და ქვეყანა არ დავაზარალოთ!
ეს ფოტო 12 იანვარს არის გადაღებული, მეგობრებთან ერთად პირველად ჩავედი რიონის ხეობის მცველების გასაცნობად. მაშინ არც მე და არც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვარლამს არ იცნობდა, თუმცა დედამისს მარიტა მუსელიანს რაჭაში ივლისის თვეში შევხდი ონის ჰესების საწინააღდეგო აქციაზე. 12 იანვარს პროტესტანტებთან რამდენიმე საათი ვისაუბრეთ, შევთავაზეთ დახმარება ნამოხვანჰესთან დაკავშირებით და ჩვენი ტელეფონის ნომრები დავუტოვეთ.
მათი მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა, 17 თებერვალს რიონის მცველების გვერდზე დაიდო ვარლამის პარლამენტში გამოსვლა, როგორც მისი საუბრიდან გაირკვა 10 000 კაცის ხელმოწერით პეტიცია შეუტანიათ და მაგ პეტიციის განხილვა იყო. მაშინ მივხვდი, რომ ვარლამს პროტესტის დედაქალაქში გადმოტანა არ უნდოდა, რადგან მოსახლეობა პარლამენტთან პეტიციის მხარდასაჭერად არ დაიბარა, არც დარბაზში არ მსხდარა არავინ, ვინც ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებოდა. ანუ ეს ფაქტი მოსახლეობას მხოლოდ მის დასრულების შემდეგ უნდა შეეტყო და თბილისში არანაირი მხარდამჭერი აქტივობა ჩაფიქრებული არ იყო.
5 მარტს რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ. ამ შეხვედრაზე ვარლამის მხრიდან ზედმეტმა სიმშვიდემ და თბილისში დიალოგზე დათანხმებამ, ფეისბუკში სტატუსის გამოქვეყნება მაიძულა, სადაც ვამბობდი, რომ მოღალატეებთან დიალოგი არ შეიძლება, გარდა ამისა, დიალოგის მიზანი უნდა იყოს არა ხელშეკრულების სარგებლიანობაში დარწმუნება, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების გაუქმების მექანიზმები და ვადები. ის კიდევ ცალკე საკითხია, ვინც პოლიციით დაგარბია, ჯვარი მოგითხარა და მხოლოდ იმის შემდეგ ჩამოვიდა სალაპარაკოთ, როდესაც მრავალათასიანი აქცია ჩაატარე, გაცილებით მკაცრი უნდა იყო და ასე მშვიდად არ უნდა ესაუბრო.
9 მარტს პარლამენტში ნამოხვანის საკითხის განხილვაზე, ნათია თურნავას დემაგოგიური გამოსვლის დროს მე და ზაალ ლუხუტაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დავტოვეთ, ვარლამი და მარიტა მუსელიანი დარბაზში დარჩნენ და ჩემდა გასაკვირად მეორე დღეს კიდევ შეხვედრაზე მივიდნენ, სადაც თურნავამ და დავითაშვილმა ისინი ჟურნალისტებს შეატოვეს…
14 მარტის აქციის წინ ფეისბუკში გამოვაქვეყნე სტატუსი, სადაც ვთქვი რომ: “ქართველი ხალხის შემართება და გამოღვიძება არ მინდოდა გადაქცეულიყო მორიგ იმედგაცრუებად და თბილისში პროცესების გადმონაცვლებისკენ მოწოდება გავაჟღერე, გარდა ამისა,
მოვითხოვდი პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რადგან მიმაჩნდა, რომ არ შეიძლებოდა ერთ კაცისთვის (თუნდაც ყველანაირი დადებითი თვისებებით შემკულს) ამხელა ტვირთი აგვეკიდებინა. ჯობდა მე შევმცდარიყავი, ვიდრე ის შეცდომები გაგვემეორებინა, რა შეცდომებიც უკვე ნაწვნევი გვქონდა 30 წლის მანძილზე.
მიუხედავად ვარლამის მხრიდან ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ იგნორისა, სოციალურ ქსელშიც და ალტინფოს ეთერშიც მხარდაჭერას ვუცხადებდი რიონის ხეობის მცველებს, რადგან ერთ საქმეს ვემსახუერბოდით. უამრავი სტატუსი დავწერე, რომელსაც ათეულათასობით (არ ვაჭარბებ, შეგიძლიათ გადაამოწომოთ) გაზიარება ჰქონდა. ჩემი ემიგრანტი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან ფინანსურადაც დაეხმარნენ, საკმაოდ სოლიდური თანხით.
თუმცა, ამავდროულად კატეგორიულად მოვითხოვდი თბილისში პროტესტის გადმოტანას და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, რადგან ასეთი წყნარი პროტესტის დასასრული – არსებული მუხტის განელება იქნებოდა! სამწუხაროდ ასეც მოხდა…
ძალიან არ მომწონდა საზოგადოების მხრიდან ვარლამის პერსონის გაფეტიშება. ვიცოდი ეს პროცესს მას დააზიანებდა, რადგან თუ გინდა ადამიანი დაღუპო ის ზღვარგადასულად უნდა აქო. თუმცა ეს ვარლამის ბრალი არ იყო, არამედ ჩვენი ერის მუდმივად თანმდევი სენი… ბევრი ფესიბუკ–მეგობარი მწერდა და უკვირდა იემსის, საიას და სხვა ისეთი ორგანიზაციის მხარდაჭერა, რომელი ორგანიზაციებიც სხვადასხვა საკითხებში ხშირად ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ასევე ბევრს უკვირდა თუ რატომ აპიარებდა პროცესებს ის მედია, რომელიც ძირითადად სულ სხვა თემების გაპიარებით არის დაინტერსებული? მიუხედავად სხვადასხვა საეჭვო გარემოებისა, ვარლამის და მისი მეგობრების გულწრფელობაში ეჭვი არ შემიტანია და მხარდაჭერას ვაგრძელებდი.
როდესაც აქცია თბილისში 23 მაისისთვის დაიგეგმა, მივხვდი, რომ ერთი თვით გადადება აქციას მუხტს დაუკარგავდა, თუმცა იმედს ვიტოვებდი, რომ სწორი ორგანიზების მეშვეობით საკმარისი რაოდენობის მობილიზებას შეძლებდნენ. მაისის დასაწყისში, აღდგომის შემდეგ, დავუკავშირდი ვარლამს, შეხვედრა ვთხოვე, 23 აქციასთან დაკავშირებით დასახმარებლად, მითხრა რომ თბილისში ჩამოსვლა არ უწევდა, თუმცა ზუმში გასაუბრებას დამპირდა. სამწუხაროდ აღარ დაურეკავს…
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა ორგანიზაციამ 21 მაისს საჯაროდ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ 23 მაისის აქციას, ოფისში შევიკრიბეთ და აქციაზე მივედით. როდესაც აქციას შენთვის უცხო ქალაქში მართავ, ვინაიდან ყველა ქალაქს თავის სპეციფიკა აქვს, იქაურები საორგანიზაციო საკითხებში უნდა ჩართო, ან მინიმუმ აქციამდე კონსულტაცია მაინც უნდა გაიარო, მაგალითად ბათუმში ბათუმელებს უნდა ჰკითხო რჩევა, ქუთაისში ქუთაისლებს და თბილისში თბილისელებს… როგორც აღმოჩნდა ასეთი რამ არ მომხდარა და აქციის არასაკმარის რაოდენობაზე გავლენა ამანაც მოახდინა. აქციაზე გაგვაკვირვა სცენის სოლიდურობამ, როგორც აქციაზე მყოფმა ერთ–ერთმა პიროვნებამ თქვა, ასეთი სცენის აწყობა, ეკრანების დამონტაჟება და ყოველდღიური ქირაობა 100 000 ლარამდე ჯდება. უმჯობესი იქნებოდა იგივე თანხით სცენის მაგივრად 100 ავტობუსი რომ დაექირავებინათ და რეგიონებიდან დამატებით დაახლოებით 5000 კაცი ჩამოვიდოდა და აქცია გაცილებით სოლიდურად წარმოჩინდებოდა. ვარლამის მიერ აქციაზე გაკეთებულმა არათანმიმდევრულმა განცახადებებმა კიდევ უფრო მეტად დააგდო მუხტი, ვინაიდან დედაქალაქის ქუჩები კი არ უნდა გადაკეტო, რითაც ისევ მოსახლეობა ზარალდება, არამედ კანცელარია, პარლამენტი, ან ეკონომიკის სამინისტროს პიკეტირება უნდა მოახდინო… შესაბამისად, მეორე დღეს, აქციაზე კიდევ უფრო ცოტა ხალხი მივიდა და ეს მისული ხალხიც თბილისის ქუჩებში უმიზნოდ და გაუგებრად ატარეს…
25 მაისს მაკა სულაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ კი, რომ აქციაზე მყოფი სხვა რელიგიის წარმომადგენლების პატივსაცემად დიდი ჯვრის ტარებაზე უარს ამბობს, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გააბრაზა და თუნდაც ეს მის წამოცდენას დავაბრალოთ, მაინც არასწორია! დამეთანხმებით, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ამ ხალმა ჯვრების აღმართვით დაიმსახურა და არა ჯვრების დამალვით!
სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა თბილისი დატოვეს და ვარლამის დანაპირები, რომ დედაქალაქს შედეგების მიღწევამდე არ დატოვებდნენ ვერ შესრულდა, რაც ძალიან საწყენია, რადგან შედეგი ვერ დაიდო და ამით საერთო საქმე დაზარალდა.
იმედი მაქვს, ეს შეცდომები მხოლოდ გამოუცდელობის, ან სხვა საპატიებელი მიზეზების ბრალია და საქმე სხვა ჩვენთვის გაცილებით უფრო მტკივნეულ მზაკვრობასთან არ გვაქვს, თუმცა მბრძანებლად ისეთი გროსმეისტერი გვიზის, არაფერი გამიკვირდება… ერთი რამ კი ცხადია, როდესაც დღევანდელი წამყვანი მედია, ვინმეს გაპიარებას გამალებული ცდილობს, იმ ხალხს ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია: ან “სისტემა” თავის კადრს აპიარებს, ან იმას ვისგანაც სისტემას საშიშროება არ ემუქრება…
მე ჩემს ქვეყანას ერთგულებას ყოველთვის საქმის ვუმტკიცებ და ვინც ამ სტატუსისთვის ჩემს განკითხვას შეეცდებით, არაუშავს, შეგუებული ვარ, ხშირად ვზარალდები სიმართლის ლაპარაკის გამო, თუნდაც შარშან უმრავლესობა აივანზე მუშკეტერებისადმი მადლიერების გამოსახატავად ხელებს რომ იტყავებდა, მე “გმირი ვირუსოლოგები” გავაკრიტიკე და ამისთვის ფეისბუკმეგობრობა 500 კაცმა გამიუქმა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მართალი ვიყავი. რაც შეეხება ნამოხვანჰესს, ჯერ კიდევ რიონის ხეობის მცველების პროტესტამდე, 2020 წლის 24 ივნისს მივმართე გიორგი გახარიას ჰესის მშენებლობის შეჩერებით!

Leave a Reply