2-4 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

Leave a Reply