ხვალ, 6 ივნისს, 14:00 საათზე, პუშკინის სკვერში გაიმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით: “სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს”.

ამის შესახებ აქციის ორგანიზატორები საუბრობენ.

“სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები დიდი ხანია პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ, რაც ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, მათ პროტესტის უკიდურეს ზომას – პირის ამოკერვასა და შიმშილობას მიმართეს. შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა”,- განაცხადეს მათ.

შეგახსენებთ, რომ შუქრუთელი მოშიმშილეები, ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია, აპროტესტებენ.  მათი მოთხოვნა კი ის არის, რომ  ჯორჯიან მანგანეზმა შესაბამისი კომპენსაციები მისცეს იმ ზარალის სანაცვლოდ, რაც ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებს მადნის მოპოვებისას მიადგა.

Leave a Reply